ფოთის თეატრის შენობის ექსპერტიზისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან თანხა გამოიყო
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის ექსპერტიზისა და რეაბილიტაციის პროექტის შესადგენად დამატებით 30 ათასი ლარი გამოიყო.
შესაბამისი ცვლილება ქალაქის 2018 წლის ბიუჯეტში დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე შეიტანეს.
თეატრის დირექტორის, თენგიზ ხუხიას განცხადებით, თეატრში სამი თვეა მუშაობა უკვე შეჩერებულია. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის შესადგენად, აუცილებელია ექსპერტიზის შედეგად შენობის მდგომარეობა დადგინდეს.
„სამწუხაროდ, თეატრის ახალ შენობას ჩვენს შესვლამდე ექსპერტიზა არ ჩატარებია. მერიამ 2014 წელს ვიზუალური დათვალიერების დონეზე გააფორმა მიღება-ჩაბარების აქტი. არსებული ხარვეზების მოგვარება ამ ხნის მანძილზე მარტივად შეიძლებოდა. სამი თვეა თეატრში მუშაობა შეჩერებულია. ველოდებოდით, როდის განიხილავდა საკრებულო ექსპერტიზის დაფინანსების საკითხს. შესაბამის სამინისტროებში ელოდებიან დასკვნას, თუ რა თანხაა საჭირო სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად“, – განაცხადა თენგიზ ხუხიამ.
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული თეატრის შენობაში ცოტა ხნის წინ ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. მსგავსი სახის დაზიანების შემთხვევები შენობაში არაერთხელ დაფიქსირებულა.
ფოთის თეატრი 2014 წელს გაიხსნა. შენობა ცხრა წლის განმავლობაში შენდებოდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 11-ზე მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა.