ფოთის თეატრის ექსპერტიზა-რეაბილიტაციის პროექტის შესადგენად გამოცხადებული ტენდერი ისევ ჩაიშალა
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის ექსპერტიზისა და რეაბილიტაციის პროექტის შესადგენად გამოცხადებული ტენდერი კიდევ ერთხელ ჩაიშალა. ტენდერში მონაწილეობა არც ერთ კომპანიას არ მიუღია.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან საპროექტო სამუშაოებისთვის 30 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.
„ჩვენი შემდგომი ნაბიჯები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით იქნება გათვალისწინებული. ჯერ არ ვიცით მესამედ გამოცხადდება ტენდერი თუ შესაბამისი კომპანია ერთ პირთან მოლაპარაკების წესით შეირჩევა“, – აცხადებს ფოთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თემურ დუნდუა.
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული თეატრის შენობაში ცოტა ხნის წინ ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. მსგავსი სახის დაზიანების შემთხვევები შენობაში არაერთხელ დაფიქსირებულა. სწორედ ამიტომ თეატრში სამუშაო პროცესი შეწყვეტილია და დასი სპექტაკლებს სხვადასხვა ქალაქში მართავს.
ფოთის თეატრი 2014 წელს გაიხსნა. შენობა ცხრა წლის განმავლობაში შენდებოდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 11 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.