ფოთის მერიაში კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს
ფოთის მერიაში კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს. სხდომას სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია უძღვება. სხდომას ესწრებიან ხელისუფლების, სამედიცინო და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები.
„საგანგებო სხდომის ჩატარების აუცილებლობა დადგა ორი გარემოებიდან გამომდინარე. პირველი, როგორც ჩანს, ჩვენი მოქალაქეების ნაწილმა, ან ვერ, ან არ გაიგო, რომ დარჩეს სახლში. ჩვენ ყველამ მოვუსმინეთ მედიკოსების გამოსვლას. ამდენად, აღსრულების ნაწილში უნდა გავამკაცროთ მდგომარეობა. ეს მდგომარეობა შეესაბამება საგანგებო ზომებს. თუ საჭირო გახდება, ამ შემთხვევაში მზად არის ჩვენი თავდაცვის ძალებიც ჩაერთონ ამ ღონისძიებაში. ამ ეტაპისთვის თავდაცვის ძალების გამოყენება არ იგეგმება, თუმცა ყოველწუთს შეიძლება შეიცვალოს ვითარება“,- აღნიშნა მოწერელიამ.
მისივე თქმით, ის, რომ სამეგრელოში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ ერთი შემთხვევაა დადასტურებული, არ ნიშნავს იმას, რომ მედიკოსების რჩევები არ გაითვალისწინონ და სახლებიდან გამოვიდნენ.
„საფრთხე იზრდება. როგორც მოგეხსენებათ, ყოველდღე გვაქვს ამაზე საუბარი და მგონი ჩემგან ამაზე საუბარი არ არის საჭირო, ვინაიდან მედიკოსები როდესაც საუბრობენ, ეს უნდა გაიგოს თითოეულმა ჩვენმა თანამოქალაქემ. ამდენად, საფრთხის გაზრდასთან ერთად, რა თქმა უნდა ჩვენც უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მომზადებული. სამეგრელოში ერთი დადასტურებული შემთხვევა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გული გავიარხეინოთ და ისევ გამოვიდეთ ქუჩებში, ისევ ჩვეულებრივად გავაგრძელოთ გადაადგილება.
ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად შეჩერებული არის და მაქსიმალურად მივიღებთ ზომებს, რათა კიდევ უფრო გავამკაცროთ გადაადგილება. ერთადერთი ინსტრუმენტი, შენელდეს ეპიდემია და არ მიიღოს მასშტაბური სახე, როგორიც არის ეს თურქეთში, იტალიაში და სხვა ქვეყნებში, სადაც მხოლოდ ერთ ღამეში 100-ზე მეტი ადამიანი იღუპება, უნდა მივიღოთ მაქსიმალურად ის ზომები, რასაც გვირჩევენ ჩვენი მედიკოსები“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ.