ფოთის მერიამ ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გამართა
ფოთის მერიამ ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გამართა

ფოთის მერიამ განსახორციელებელი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გამართა. მოსახლეობას ქალაქში განსახორციელებელ პროექტებზე ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ფოთის მერის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე თოფურიამ წარუდგინეს.

„ფოთში, მდინარე კაპარჭას გაწმენდითი სამუშაოების მასშტაბური პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი მდინარე კაპარჭას 3 700 მეტრიანი ზოლის გაწმენდასა და პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენას ითვალისწინებს. დაიწყო კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა. მიმდინარეობს კოსტავას ქუჩის ცენტრალური ნაწილის ტროტუარების რეაბილიტაცია. დაწყებულია ქუჩების არსებული გარე განათების ქსელის ლედ-სანათებით ჩანაცვლება. ასევე, მიმდინარეობს თეატრის რეაბილიტაცია.
დასრულდა ბარათაშვილის ქუჩისა და მალთაყვის ბულვართან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა.

2019 წელს გაზიფიცირდა ხუთი საბავშვო ბაღი. 2020 წელს კი ფოთის ყველა საბავშვო ბაღი გაზიფიცირებული იქნება. ქალაქის ხუთ საჯარო სკოლას ჩაუტარდა სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება“,- ნათქვამია რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ფოთში განხორციელდება ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი. პარალელურად მიმდინარეობს საფეხბურთო სკოლისთვის ორი ბუნებრივსაფარიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედნების მშენებლობა. მოხდება ფოთის ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის ყოფილი შენობის სრული რეაბილიტაცია, სადაც საზღვაო სასწავლებელი განთავსდება.

გაიწმინდება და აღდგება მდინარე რიონის ქალაქში გამავალი არხი, მოეწყობა ნაპირდამცავი ჯებირები. რაც მნიშვნელოვანია რიონის ჰიდრო დინამიური რეჟიმის აღდგენის, შავი ზღვის სანაპირო ზოლის სტაბილიზაციისა და წყალდიდობის პრევენციის მიზნით.

ფოთში მდინარე კაპარჭაზე ახალი სანიჩბოსნო ბაზა აშენდება, ამჟამად საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. სანიჩბოსნო ბაზაზე განთავსდება საცურაო აუზი, შენობის გარე და შიდა სივრცეები ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. მოხდება ფოთის ცენტრალური კულტურისა და დასვენების პარკის რეკონსტრუქცია. მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი ადგილები და სათამაშო მოედნები ბავშვებისთვის.

იგეგმება ყოფილი უშიშროების შენობის რეაბილიტაცია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჭავჭავაძის, თავდადებულის, თამარ მეფის, ბერდიანსკის, ბესიკის, აკაკის და წმ. გიორგის ქუჩებს. მომავალი წლიდან ფოთს 10 ახალი ავტობუსი ეყოლება, მოეწყობა გაჩერების ადგილები.