ფოთში 100 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის მშენებლობა დაიწყო
ფოთში 100 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის მშენებლობა დაიწყო

ფოთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის მშენებლობა დაიწყო.

ფოთის მერიის ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა ეზოც. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 815 000 ლარს შეადგენს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC), საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს.

ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ვინსენტ დონტო.

„საბავშვო ბაღების მშენებლობა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. დღეს მე ბედნიერი ვარ, რომ ამ მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა შევძელით და მალე, ჩვენს პატარებს ევროპული სტანდარტების შესაბამის გარემოში შეეძლებათ სკოლამდელი განათლების მიღება“, – განაცხადა გოჩა კურდღელიამ.