Foreign Policy-მ და ამერიკულ-ქართულმა ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდმა, რომლის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ბახტაძეა, ერთობლივი ღონისძიება გამართეს
Foreign Policy-მ და ახლად შექმნილმა ამერიკულ-ქართულმა ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდმა, რომლის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეა, ერთობლივი საერთაშორისო ღონისძიება გამართეს. ღონისძიებაზე განიხილეს გლობალური გამოწვევები და რეგიონში სტაბილურობის დამკვიდრებასთან დაკავშირებული საკითხები.
ფონდის წარმომადგენლების თქმით, ფონდის მიზანია, ხელი შეუწყოს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის რეგიონული ოფისის გახსნას თბილისში და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის.
როგორც მამუკა ბახტაძემ ღონისძიებაზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, ფონდი მოახდენს ძლიერი ეკონომიკური თანამშრომლობის იდეის სტიმულირებას. მისივე თქმით, ფონდის მიზანია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის.
„ნათლად ვხედავ, რომ მყარი ეკონომიკური საფუძვლის გარეშე, ძალიან რთული იქნება მდგრადი, მაღალი დონის პოლიტიკური ურთიერთობის შენარჩუნება. ეკონომიკური თანამშრომლობის სისუსტე ყოველთვის იქნება გამოყენებული უარყოფითი ძალების მიერ იმისთვის, რომ ძირი გამოუთხაროს მცირე ქვეყნების მისწრაფებებს. ამ შემთხვევაში საქართველოს, რომელიც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით არსებობს.
ამიტომ, ეკონომიკური განზომილება ჩვენს თანამშრომლობაში უნდა იყოს მთავარი. ეს იყო ჩემი მთავარი მოტივაცია ჩემთვის, ჩემი ამერიკელი და ქართველი მეგობრების, როდესაც შევქმენით ეს ორგანიზაცია, ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი, რომელიც მოახდენს ძალიან ძლიერი ეკონომიკური თანამშრომლობის იდეის სტიმულირებას. ფონდის მიზანი არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის გამგეობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ძირითადი ღონისძიება გაიმართა ვაშინგტონში და საუბარი შედგა გეოპოლიტიკურ მოცემულობაზე რეგიონში.
„ბუნებრივია, ბოლო ათწლეულია ბევრი რისკია. დიალოგი და დისკუსია შეეხო ამაზე გამოსავლის ძიებას, როგორ შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატების გავლენები და როლი კიდევ უფრო გაიზარდოს რეგიონში, რათა დაზღვეული იყოს რეგიონის ქვეყნები რისკებისგან. ჩვენი ორგანიზაციის პოზიცია არის, რომ შეიძლება ფინანსური ინსტიტუტების გაძლიერებით, ანუ ამერიკული ინვესტიციების გაძლიერებით რეგიონში, მნიშვნელოვნად გაიზარდოს პოზიტიური როლი, რომელიც აშშ-ს აქვს ტრადიციულად ამ რეგიონში.
ვთანამშრომლობთ ანალიტიკოსებთან და საქართველოშიც ვფიქრობთ მსგავსი ტიპის თანამშრომლობის ქსელი ავაგოთ, რომელიც არგუმენტირებულად იმუშავებს, რომ კიდევ უფრო მეტი რესურსი მოხმარდეს რეგიონს და ეკონომიკურ აქტივობაზე გვინდა, ძალიან დიდი აქცენტი იყოს გაკეთებული“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.
შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.