„ფორბსი“ - რატომ გაუჩნდა მოულოდნელად ყველას სურვილი, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმოს
„ფორბსი“ - რატომ გაუჩნდა მოულოდნელად ყველას სურვილი, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმოს

„რატომ გაუჩნდა მოულოდნელად ყველას სურვილი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმოს შავიზღვისპირა პატარა ქვეყანა საქართველოსთან“ – ამის საკითხზე ამერიკული ფინანსურ-ეკონომიკური გამოცემა „ფორბსი“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

სტატიის თანახმად, იდეა  შემდეგშია, რომ შედარებით პატარა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამერიკის სამუშაო ძალას დიდ ზიანს ვერ მიაყენებს, რადგან ასეთ ქვეყნები კორპორაციული რესურსების გადასატანად იდეალურ ადგილს არ წარმოადგენენ. იგულისხმება, მაგალითად, ახალი ქარხნების მშენებლობა.

„საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ავღანეთის მისიაში, სადაც ომის დასრულებაც ტრამპმა 18 წლის შემდეგ, როგორც იქნა, მოისურვა. რატომ არ უნდა მიიღოს საქართველომ რამე ამ მხარდაჭერის სანაცვლოდ? ესეც ხომ გარიგების ნაწილია“, – აღნიშნავს ავტორი.

სტატიაში მითითებულია, რომ ნოემბერში ყოფილმა კონგრესმენმა ფლორიდიდან და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ტრიბუნალის ყოფილმა თავმჯდომარემ, ჯეიმს ბაქუსმა გაზეთში „ფაინენშალ თაიმსი“ (Financial Times) მხარი დაუჭირა საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება „კიდევ ერთხელ დაარწმუნებს რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომ აშშ კვლავაც სთავაზობს მათ სამეზობლოში არსებული სახიფათო ავტორიტარული რეჟიმების ალტერნატივას“- წერს ბაქუსი და თვალნათლივ მიუთითებს რუსებზე. საქართველო ესაზღვრება რუსეთს. პრეზიდენტი ტრამპი ამჯობინებს ორმხრივ სავაჭრო გარიგებებს და თავს არიდებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ტარიფებსა და  ნორმებს, რომლებიც წევრი ქვეყნებისთვის მოქმედებს.  შესაბამისად, „სანამ ჩვენ აღვადგენთ მრავალმხრივი მოლაპარაკებების ფორმატს, ჩვენ უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები ეკონომიკურად მზარდ ქვეყნებთან, ჩვენს მეგობრებსა და მსხვილ სავაჭრო პარტნიორებთან“, – განაცხადა ინტერვიუში ბაქუსმა და აღნიშნა, რომ „საქართველო უნდა იყოს ამ ქვეყნების სიაში“.

ამასთან სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ერთი თვით ადრე მსგავსი განცხადებები გააკეთეს ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ (Heritage Foundation) წარმომადგენლებმა: ჯეიმს კარაფანომ და ალექსის მრაჩეკმა. მათი მხარდაჭერა ეფუძნება „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს, რომელშიც საქართველო ლუქსემბურგთან იყოფს ადგილს. უფრო მეტიც, 2019 წელს საქართველომ ერთი პუნქტით გაუსწრო კიდეც ლუქსემბურგს.

ფორბსის სტატიაში აღნიშნულია, რომ 1921 წელს საბჭოთა რუსეთი შეიჭრა საქართველოში და  ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა. თუმცა, 2008 წელს რუსები ისევ დაბრუნდნენ და  საქართველოს რეგიონების: სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის უკანონო ოკუპაცია მოახდინეს.

ავტორი წერს, რომ საქართველოს ეკონომიკის ძირითადი მიმართულებებია: მომსახურება, ტურიზმი, ნედლეული, ღვინო და მსუბუქი ინდუსტრია. მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსში კი, საქართველო მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა, ის ჩამორჩება  აშშ-ს, მაგრამ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო, ნორვეგია და შვედეთი. ამასთან, სტატიაში მითითებულია, რომ ექვსი წლის წინ საქართველომ გააფორმა ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, რაც ნიშნავს ტვირთების თავისუფალ გადაზიდვას და მოქალაქეთა თავისუფალ მიმოსვლას ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ავტორი იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოს უკვე აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთსა და თურქეთთან.

„დაახლოებით რვა წელია, რაც Heritage Foundation აქტიურად უჭერს მხარს აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას და ამის კიდევ ერთ მიზეზად ჩინეთთან გაფორმებულ მსგავს შეთანხმებას ასახელებს.

ეს იდეა ხელახლა ამოტივტივდა „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“  ვაშინგტონის ოფისში და 2015 წელს, ობამას ადმინისტრაციის დროს,  კონგრესში გადაინაცვლა.  საქართველოსთან შეთანხმების გაფორმებისკენ მოწოდება, დაემთხვა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება საქართველოსთან განიხილებოდა, როგორც გამჭრიახი პოლიტიკური და კომერციული ნაბიჯი, რომელიც განამტკიცებდა უსაფრთხოებას და ამერიკის ბიზნეს შესაძლებლობებს“, – აღნიშნავს ავტორი.

სტატიაში მოყვანილია აშშ-ში საქართველოს დესპანის, გიორგი ციკოლიას კომენტარი: „პრეზიდენტ ტრამპის დროს ჩვენ დავინახეთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან საქართველოს ეკონომიკის შემდგომი დაახლოების შესაძლებლობა სავაჭრო შეთანხმების გაფორმების გზით“, – აცხადებს გიორგი ციკოლია.

ამასთან, სტატიის თანახმად, ის ამბობს, რომ ასეთი შეთანხმება სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყნის ბიზნესს და გაუმარტივებს ამერიკულ კომპანიებს წვდომას ზღვაზე გასასვლელის არმქონე რვა  ქვეყანასთან ევრაზიაში, რომელთა ბაზარი დაახლოებით 2 მილიარდ მომხმარებელს მოიცავს.

პუბლიკაციაში ასევე მითითებულია ორგანიზაციის – PwC  2018 წლის მაისის კვლევა და აღნიშნულია, რომ ამ კვლევის პროგნოზით,  ასეთი შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, შემდგომი სამი წლის განმავლობაში ამერიკის ექსპორტი საქართველოში დაახლოებით 20 პროცენტით გაიზრდება, ხოლო ორ ქვეყანას შორის საქონლის ბრუნვა 2023 წლისთვის იქნება 515 მილიონი დოლარით მეტი და ყოველივე ეს ძირითად სარგებელს სწორედ აშშ-ის ექსპორტს მოუტანს.

ციკოლიას თქმით, ამჟამად საქართველოში 270-ზე მეტი ამერიკული კომპანიაა წარმოდგენილი სხვადასხვა სფეროში, ძირითადად სასტუმრო, ენერგეტიკის და პორტების ლოგისტიკის სექტორებში.

ამასთან, სტატიაში „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის შესწავლის განყოფილების დირექტორის, ლუკ კოფის მიერ გაკეთებულ შეფასებაზეც არის ყურადღება გამახვილებული.  „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ შეიძლება, წაახალისოს მეტი უცხოელი ინვესტორის შემოსვლა“, – აცხადებს ლუკ კოფი. იგი ასევე მიიჩნევს, რომ აშშ-საქართველოს სავაჭრო შეთანხმება ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება, რადგან ამით გაძლიერდება აშშ-ის პოზიციები რეგიონში, ხოლო საქართველო მიიღებს დახმარებას თავისი ეკონომიკის განვითარების და დასავლურ კაპიტალისტურ დემოკრატიებთან დაახლოების კუთხით.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ 2015 წელს ამერიკულმა იმპორტმა საქართველოში შეადგინა 340 მილიონი დოლარი, ხოლო 2019 წელს 768 მილიონი დოლარის ნიშნულს მიაღწია. შარშან ექსპორტმა საქართველოდან მხოლოდ 152 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე (181,1 მილიონი დოლარი) ნაკლებია.

აშშ-ს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 11 პატარა ქვეყანასთან.

ამასთან, სტატიაში მოყვანილია მონაცემები, რომ შარშან აშშ-ის პროდუქციის ექსპორტმა ისრაელში 14,3 მილიარდი დოლარი შეადგინა (ძირითადად, სოფლის მეურნეობის სექტორში), რაც აღემატება წინა წლის მაჩვენებელს (13,7 მილიარდი დოლარი). მეორე მხრივ, ისრაელის ექსპორტის დაახლოებით 37 პროცენტი ამერიკაზე მოდის. გარდა ამისა, აშშ არის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ისრაელში.

ასევე, ავტორი წერს, რომ 2019 წელს აშშ-მ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში კიდევ ერთ პარტნიორს, მაროკოს მიჰყიდა 3,4 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია, რაც აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს (3 მილიარდი). მაროკოსთან აშშ-ის სავაჭრო ნამატი აქვს – 2018 და 2019 წლებში იმპორტმა შეადგინა 1,5 მილიარდი დოლარი.

„და ბოლოს, იორდანიასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში აშშ-მ შარშან განახორციელა 1,4 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციის ექსპორტი, რაც ნაკლებია 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით (1,5 მილიარდი დოლარი). ამ შემთხვევაში,  ამერიკას დეფიციტი აქვს, რადგან 2019 წელს იმპორტის ღირებულებამ შეადგინა 2,1 მილიარდი დოლარი. აშშ წარმოადგენს იორდანიის უმსხვილეს საექსპორტო ბაზარს (24 პროცენტი).

საქართველოს შემთხვევაში იმპორტი ამერიკიდან შეადგენს 2,6 პროცენტს, ხოლო ექსპორტი ამერიკაში – 4,5 პროცენტს (ჩინეთის შემთხვევაში იმპორტი: 9,4 პროცენტი, ხოლო ექსპორტი: 6,5 პროცენტი). ვაშინგტონში საგარეო პოლიტიკის სპეციალისტების აზრით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან, ამერიკის „რბილ ძალას“ გააძლიერებს ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის გეოპოლიტიკურ რეგიონში“, – ნათქვამია სტატიაში.

ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირი და იაპონია აქტიურად მოქმედებენ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად. მათ იციან, რომ ტრამპს მოსწონს ტარიფები, ასევე იციან, რომ იგი ზიანს აყენებს მიწოდების გლობალურ ჯაჭვს, იციან, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესები ტრამპს დიდად არ მოსწონს.

„ფორბსის“ სტატიის დასასრულ, „ჰერითჯ ფაუნდეიშენის“ ეკონომისტი ტორი სმიტის კომენტარია მოყვანილი:

„სულ ახლახან მივაღწიეთ სავაჭრო შეთანხმებების გადახედვას“, – აცხადებს „ჰერითჯ ფაუნდეიშენის“ ეკონომისტი ტორი სმიტი, – „მაგრამ ახალი ბაზრების გახსნის თვალსაზრისით, ტრამპთან წარმატებას ჯერ ვერ მივაღწიეთ“.  ამასთან, მისი თქმით, „ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს. საქართველო ჩვენს სიაშია, თუმცა ასევე ნუსხაშია სრულფასოვანი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხი იაპონიასთან“.  სმიტი ასევე აცხადებს, რომ ტრამპის ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში, ამ სიას დაემატება გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირი, შვეიცარია, კენია და ინდოეთი.