ფონდი „ქართუ“ - ვებგვერდზე vali.ge ტექნიკური შეფერხება ოპერატიულად აღმოიფხვრება
ფონდი „ქართუ“ აცხადებს, რომ ვებგვერდზე vali.ge გადატვირთვის გამო შექმნილი ტექნიკური შეფერხება ოპერატიულად აღმოიფხვრება, – ამის შესახებ ფონდის განცხადებაშია ნათქვამი.
ფონდის ინფორმაციით, მოქალაქეებს მომდევნო სამი კვირის განმავლობაში დაუბრკოლებლად შეეძლებათ აღნიშნული სერვისით სარგებლობა, ისინი უპრობლემოდ შეძლებენ საკუთარი მონაცემების გადამოწმებას.
„ფონდი „ქართუსა“ და მთავრობის მიერ დაანონსებული სოციალური სოლიდარობის აქტით, ე.წ. „შავ სიაში“ მყოფ 600 000-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს ვალები ჩამოეწერება.
ამ ინიციატივის განსახორციელებლად, დღეს, სპეციალური ვებგვერდი (vali.ge) ამოქმედდა, სადაც მოქალაქეები საკუთარი მონაცემების გადამოწმებას შეძლებენ.
იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული აქტის მიმართ საზოგადოებაში მაღალი მოლოდინი და ინტერესია, ვებგვერდს ამოქმედებისთანავე ძალიან ბევრი მომხმარებელი ეწვია, რამაც მისი გადატვირთვა და მუშაობის პროცესში გარკვეული ტექნიკური შეფერხება გამოიწვია.
აღნიშნული ხარვეზი ოპერატიულად აღმოიფხვრება და, რა თქმა უნდა, არავითარ გავლენას არ მოახდენს ვალების განულების პროცესზე.
აქვე დაინტერესებული პირებისთვის განვმარტავთ, რომ მოქალაქეებს მომდევნო სამი კვირის განმავლობაში დაუბრკოლებლად შეეძლებათ აღნიშნული სერვისით სარგებლობა, ისინი უპრობლემოდ შეძლებენ საკუთარი მონაცემების გადამოწმებას და 15-დან 31 დეკემბრამდე 600 000-ზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს ვალები სრულად გაუნულდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სესხების განულების ინიციატივის ვებგვერდზე vali.ge დღეს და ხვალ სამი ბანკის მომხმარებელთა მონაცემები აიტვირთება: „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“ და „ლიბერთი ბანკი“.
სესხების განულების ინიციატივა ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით ხორციელდება.