ფონდი „ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
ფონდი „ქართუ“ განცხადებას ავრცელებს

რამდენიმე ტელეკომპანიამ, რომელთა ზურგს უკან მარტივად ამოიცნობა კონკრეტული პოლიტიკური ძალები, გაშალეს შავი პიარის ერთიანი ფრონტი ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი „ქართუს“ წინააღმდეგ, – ამის შესახებ ფონდ „ქართუს“ განცხადებაშია ნათქვამი.

„მცირე პაუზის შემდეგ, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა მედიამ ისევ შეუტია ფონდ „ქართუს“. ბოლო დღეებში რამდენიმე ტელეკომპანიამ, რომელთა ზურგს უკან მარტივად ამოიცნობა კონკრეტული პოლიტიკური ძალები, გაშალეს შავი პიარის ერთიანი ფრონტი ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი „ქართუს“ წინააღმდეგ.

შეტევა ცალსახად კოორდინირებულია, ვინაიდან, სხვადასხვა სიუჟეტს ფონად გასდევს ერთიანი „ლაიტმოტივი“ – „ივანიშვილი თავისი სამშენებლო აქტივობით ჩადის დანაშაულს“, რითიც მაყურებელთა ცნობიერებაში სპეციალურად ყალიბდება განწყობა, რომ მშენებლობა ბოროტებაა, ხოლო თუ მშენებელი ივანიშვილია, მაშინ ეს უკვე კრიმინალია.

არადა, წინა ხელისუფლების პერიოდში იგივე „მედიაკლასტერი“ ნებისმიერ მშენებლობას პოზიტიურ ჭრილში განიხილავდა და მაშინდელი ხელისუფლების მიერ ხშირად ერთი და იმავე ობიექტების მრავალჯერ საზეიმოდ გახსნას ზარ-ზეიმით აშუქებდა, რაც, პრინციპში, არც არის დასაძრახი, რამეთუ ზოგადად აღმშენებლობა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარება პოზიტიური და სასარგებლო მოვლენაა. პრობლემა ჩნდება ორმაგი სტანდარტების შემოღებისას, როდესაც საღი აზრი ეწირება პოლიტიკურ დაკვეთას და ის, რასაც წინა ხელისუფლის დროს ლამის გმირობად წარმოაჩენდი, დღეს დანაშაულად გაქვს გამოცხადებული.

ცხადია, რომ ამ უსუსური, მაგრამ კარგად ორკესტრირებული ბრალდებების უკან, რეალურად, მხოლოდ პოლიტიკური სარჩულია. თუმცა ვინაიდან ნებისმიერი მსგავსი გამოხტომის რეაგირების გარეშე დატოვებამ, შესაძლოა, ვინმეს თვალში დამაჯერებლობა შესძინოს ამ შეთითხნილ ბრალდებებს, იძულებულები ვართ, კვლავაც პასუხი გავცეთ მათ გამავრცელებლებს.

საჯაროდ ცნობილია, რომ რამდენიმე წლის წინ ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა საქართველოში არსებული აქტივების უდიდესი ნაწილი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადასცა. ფონდი უშუალოდ ან თავისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით მართავს ამ აქტივებს და მიღებულ შემოსავალს კვლავ საქველმოქმედო მიზნებს ახმარს. ეს არის გამჭვირვალე და კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობა.

ბუნებრივია, ჩვენ წინააღმდეგ მართული მედიაკამპანიის მიზანს არ წარმოადგენს სიმართლის დადგენა. ყველა სიუჟეტი იფუთება მაქსიმალურად გაუგებარი ფრაზებით, რომლებსაც, როგორც წესი, ისვრიან საეჭვო წარმომავლობის „ექსპერტები“. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დააბნიონ რიგითი მსმენელი და მასალის გადმოცემის სიმძაფრით, ტონალობით, ხშირად მუსიკალური გაფორმებითაც კი, შეუქმნან მას მათთვის სასურველი განწყობა და დააჯერონ იმაში, რომ ადგილი აქვს საშინელ, მზაკვრულ დანაშაულს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მიზანი იყო, დაეჯერებინათ მაყურებლისთვის, რომ „ქველმოქმედებას ამოფარებული ივანიშვილი ცდილობს ქველმოქმედებით ფულის შოვნას“. არადა, რეალურად, ივანიშვილების ოჯახი ფონდი „ქართუს“ ერთადერთი დონორია, ანუ ბიძინა ივანიშვილი ფონდს თავად სწირავს რეგულარულად საკუთარ სახსრებსა და შემოსავლებს და ქველმოქმედების საკითხს იმდენად ფაქიზად ეკიდება, რომ ფონდის არსებობის ლამის 30-წლიანი ისტორიის მანძილზე არც ერთხელ დაუფინანსებია ფონდის მეშვეობით თავისი ოჯახის რომელიმე წევრი, ნათესავი ან ახლობელი – ამ დროს კი მას ფონდის ხარჯზე გამდიდრებას ედავებიან!

ამ შემთხვევაშიც სიმართლე ზედაპირზეა: ფონდის შვილობილმა კომპანიებმა გაასხვისეს თავიანთ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რაზეც მომავალმა ინვესტორმა უნდა განახორციელოს სამშენებლო პროექტი. მიწის გაყიდვებით მიღებულ შემოსავალს ფონდი თავისი საქველმოქმედო მიზნებისკენ მიმართავს და მიმდინარე პროექტებს დაახარჯავს.

უკვე მრავალჯერ საჯაროდ გაცხადდა, რომ, გასაგები მიზეზების გამო, ბიძინა ივანიშვილი დღეს, ფაქტობრივად, არაფორმალური სანქციების ქვეშ იმყოფება, რაც, ბუნებრივია, აფერხებს ფონდისადმი მის დონაციებს. მიუხედავად ამისა, ფონდი დღესაც აგრძელებს პროექტებს და ასეულობით მილიონ ლარს ხარჯავს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. თუმცა, რომ არ ყოფილიყო ზემოთ ხსენებული წინაღობა, ორჯერ და სამჯერ მეტ სამუშაოს შევასრულებდით და გაცილებით წინ წავწევდით არსებულ პროექტებს, რომელთა შორისაა ჩვენი ქვეყნის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის უმნიშვნელოვანესი ობიექტები.

იქმნება პარადოქსული ვითარება, რა დროსაც, თუ ფონდი სამშენებლო გეგმებს სადმე ჩამორჩება, გვაკრიტიკებენ ნელი ტემპისთვის, ხოლო სადაც არა – იქ თავად მშენებლობა ცხადდება ბოროტებად, რისთვისაც დაუსრულებელ უსუსურ და აბსურდულ ბრალდებებს გვიყენებენ.

მსგავსი კრიტიკა არახალია. გავაკეთოთ პატარა ისტორიული ექსკურსი და გავიხსენოთ არცთუ ისე დიდი ხნის წინანდელი, მაგრამ უკვე დავიწყებული ამბები – დაახლოებით 2008 წელს პირველად დაიწყო მსგავსი პიარშეტევა ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ „ქართუზე“. მაშინდელ გაზეთებში დაიბეჭდა შალვა ნათელაშვილის სტატიები, უფრო სწორედ კი მოკლე პასკვილები სათაურით: „… ამიტომაც ეს პიროვნება (ივანიშვილი) არის საქართველოს მტერი“.

ამ სულელური ტექსტების მოკლე შინაარსი გულისხმობდა იმას, რომ, საქველმოქმედო პროექტების მეშვეობით, ივანიშვილი ეხმარება არა ქვეყანას, არამედ „სააკაშვილის რეჟიმს“, ხოლო იქამდე კი მისი შექმნილი იყო „შევარდნაძის რეჟიმი“, ამიტომაც მისი ქველმოქმედება ცხადდებოდა ბოროტებად.

2011 წლიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, ნათელაშვილის ეს ნარატივი გადაიღო მაშინდელმა მმართველმა გუნდმა და დაიწყო წარმოუდგენელი მასშტაბის შეტევა და ზეწოლა როგორც თავად ივანიშვილზე, ისე „ქართუს“ ყველა სტრუქტურაზე, რომელთა ბირთვს, ბუნებრივია, ფონდი „ქართუ“ წარმოადგენდა. სწორედ მაშინ ლამის კატეგორიულ იმპერატივში აიყვანეს პროპაგანდისტული ნარატივი იმის თაობაზე, რომ „ქველმოქმედება ბოროტებაა“, საზიანოდ გამოცხადდა ფონდის ყველა პროექტი და პროგრამა. გაასაჯაროვეს ბენეფიციართა სიები, სისულელედ შერაცხეს თეატრებისა და მუზეუმების რემონტი, უსარგებლო და მავნე უწოდეს ფონდის მიერ აგებულ, გარემონტებულ და სახელმწიფოსთვის გადაცემულ ობიექტებს, მათ შორის, საავადმყოფოებს, რაგბის სტადიონებს, სკოლებს, თეატრებს, მუზეუმებს, შეკვეთილის ღია საკონცერტო დარბაზს, თბილისის ოპერას, ბათუმის დელფინარიუმს და მრავალ სხვას.

საგულისხმო და სახალისოა, რომ ზემოხსენებული ბატონი ნათელაშვილი, რომელმაც აწ უკვე სააკაშვილის მომხრეთა ბანაკში ამოყო თავი, დღეს ამ პოზიციებიდან აგრძელებს არანაკლები აბსურდულობისა და კომიკური ხასიათის ბრალდებების სროლას ივანიშვილისა და „ქართუს“ მიმართ. გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, რომ პოლიტიკური სატირისა და კომედიის ჟანრში ის განუმეორებელია. როგორც ჩანს, ამ მართული და ერთიანი გეგმით ორკესტრირებული ბინძური კამპანიის დამკვეთებიც სათანადოდ უფასებენ მას ამ „ნიჭს“.

არსებობს ცნობილი გამონათქვამი, რომ „ადამიანთა უგუნურებას არ აქვს საზღვარი“, რომელსაც სხვადასხვა რედაქციით რამდენიმე ცნობილ მოღვაწეს მიაწერენ. ჩვენს შემთხვევაში, შეიძლება, ითქვას, რომ ნათელაშვილის განცხადებების სისულელესა და აბსურდს ნამდვილად არ აქვს არანაირი ზღვარი!

კარგად გვესმის, რომ ამ ყველაფრის უკან პოლიტიკურად ანგაჟირებული დაინტერესებული პირებისა და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების კონკრეტული დაჯგუფება დგას, რომელიც რჩება რა ჩრდილში, წარმოადგენს ამ ხელოვნურად მართული პროცესის მთავარ დამკვეთსა და დირიჟორს“, – ნათქვამია ფონდი „ქართუს“ განცხადებაში.