ირაკლი ღარიბაშვილი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით შეიქმნა, უნიკალური პროექტია, ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება, მიიღონ ევროპული დონის განათლება
ირაკლი ღარიბაშვილი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით შეიქმნა, უნიკალური პროექტია, ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება, მიიღონ ევროპული დონის განათლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია და პირველკურსდამთავრებულებს შეხვდა.

პრემიერმა, სტუდენტებთან საუბრისას, ხაზი გაუსვა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის მნიშვნელობას, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, ევროპული დონის განათლება საკუთარ ქვეყანაშივე მიიღონ და აღნიშნა, რომ წლების წინ, სწორედ ამაში მდგომარეობდა ბიძინა ივანიშვილის იდეა, რასაც შემდეგში ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება მოჰყვა.

„მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე, პირველი კურსის დამთავრება. ეს არაჩვეულებრივი გარემო, რომელიც შეიქმნა ფონდ „ქართუს“ და ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, დახმარებით, არის მართლაც უნიკალური პროექტი, ევროპული ტიპის უნივერსიტეტი როგორც ხარისხით, ასევე განათლების დონით, სადაც გეძლევათ საშუალება, მიიღოთ ევროპული დონის განათლება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დაგეგმილია უნივერსიტეტის განვითარების შემდგომი ეტაპი, თანამედროვე სპორტული კომპლექსით და სხვა შენობებით, რომელიც უახლოეს პერიოდში შეემატება უნივერსიტეტს.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, განათლების გარეშე ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია, ვინაიდან განათლებული თაობა არის საფუძველი იმისა, რომ ერთად ავაშენოთ ძლიერი საქართველო.

ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, კაფეტერია და საცხოვრებელი კამპუსები მოინახულა. მთავრობის მეთაურმა ის ადგილიც დაათვალიერა, სადაც ადრონული თერაპიის ცენტრი უნდა აშენდეს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ განათლების და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, პარლამენტის დეპუტატი ზაზა ლომინაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის იდეა ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ეკუთვნის. ოფიციალური მონაცემებით, პროექტის განვითარებაში ფონდი „ქართუ“ ერთ მილიარდ ევროზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2020 წელს, პანდემიის პერიოდში გაიხსნა. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანია, ხოლო მრჩეველთა საბჭოს წევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი და წამყვანი მეცნიერები არიან.