მიხეილ ჩხენკელი ბელგიაში ადრონული თერაპიის ცენტრისთვის ციკლოტრონების აწყობის პროცესს გაეცნო,  რომელსაც ფონდი „ქართუ“ აფინანსებს
მიხეილ ჩხენკელი ბელგიაში ადრონული თერაპიის ცენტრისთვის ციკლოტრონების აწყობის პროცესს გაეცნო,  რომელსაც ფონდი „ქართუ“ აფინანსებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბელგიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ კომპანია IBA-ს ეწვია, სადაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრისთვის ორი ციკლოტრონის აწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარესთან ნიკოლოზ ჩხეტიანთან და პროექტებისა და ოპერაციების დირექტორ ვახტანგ ცაგარელთან ერთად ციკლოტრონების აწყობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

„ციკლოტრონების მწარმოებელ წამყვან კომპანია IBA-ში ციკლოტრონების აწყობის პროცესი დავათვალიერეთ. როგორც მოგეხსენებათ, ადრონული თერაპიის ცენტრში იფუნქციონირებს ორი ციკლოტრონი – ერთი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით, ხოლო მეორე ციკლოტრონი მთლიანად იქნება განკუთვნილი სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო ფიზიკაში, ბირთვულ ფიზიკასა და ონკოლოგიაში. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის გარემოება, რომ საზღვარგარეთიდან წამყვანმა მეცნიერებმა უკვე გამოხატეს დიდი ენთუზიაზმით თავიანთი სურვილი, რომ ქართველ მეცნიერებთან ერთად აწარმოონ სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ადრონული თერაპიის ცენტრში. ამჟამად ციკლოტრონები გადის ტესტირების პროცესს“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

აღსანიშნავია, რომ მკურნალობისთვის განკუთვნილი ციკლოტრონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის. მკურნალობა შესაძლებელი იქნება ულტრათანამედროვე მეთოდით – პროტონული თერაპიით – ეს არის სხივური თერაპიის ფორმა, რომელიც ებრძვის მხოლოდ დაზიანებულ უჯრედებს, ხოლო ჯანსაღი უჯრედები უვნებელი რჩება.

„როგორც მოგეხსენებათ, ფონდი „ქართუ“ ქუთაისში ახორციელებს მეგაპროექტს, რომლის ფარგლებშიც ძალიან მალე გაიხსნება ადრონული თერაპიის ცენტრი. ეს არის ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი, როგორც მედიცინის, ისე ზოგადად, ფიზიკის განვითარების მხრივ საქართველოში. აღნიშნული პროექტი სრულიად სხვა ეტაპზე გადაიყვანს საქართველოს როგორც მსოფლიო, ასევე რეგიონის მასშტაბით“, – განაცხადა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

განათლების სამინისტროს ცნობით, სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილი ციკლოტრონის ბაზაზე დაარსდება პროტონული თერაპიის კლინიკა, რომელიც იქნება რეგიონის მასშტაბით ერთადერთი, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით მოხდება. იგეგმება საქართველოს ჩართვა პროტონული თერაპიის ცენტრების საერთაშორისო ქსელში.

„დღევანდელი დღე გახლავთ ყველაზე ემოციური მომენტი ჩვენს საქმიანობაში – ვიმყოფებით კომპანია IBA-ში, სადაც ჩვენი შეკვეთილი ერთ-ერთი ციკლოტრონის წარმოება და ტესტირება მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურულ ნაწილში უახლოეს თვეებში დასრულდება ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტირება და ჩვენი გეგმის მიხედვით, 2024 წლის დასაწყისში ადრონული თერაპიის ცენტრი პირველ პაციენტს მიიღებს“, – აცხადებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ პროექტებისა და ოპერაციების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი.

IBA-სთან თანამშრომლობის ხელშეკრულება 2020 წლის 28 იანვარს შევიდა ძალაში, რაც ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრში ციკლოტრონის ტიპის ორი ამაჩქარებლის – Proteus®ONEsolution – შეძენასა და გრძელვადიანი ოპერაციული და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფას გულისხმობს.

„კომპანია IBA ადრონული თერაპიის ცენტრისთვის აღჭურვილობას აწარმოებს. გვეამაყება ეს თანამშრომლობა, რადგან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის დიდი პროექტი და ადრონული თერაპიის ცენტრის სისტემა სიმსივნით დაავადებული პაციენტების, განსაკუთრებით კი ბავშვების მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა. ამ სარგებლის გარდა, უნივერსიტეტსა და IBA-ის შორის არსებული თანამშრომლობა არის ძალიან მჭიდრო, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ შედეგებს მოიტანს“, – განაცხადა IBA-ის დამფუძნებელმა ივ იონგენმა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ​ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტის ღირებულება 40 მილიონ ევრომდეა და მას სრულად აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.