ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა ოფიციალურად დაიწყო
ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა ოფიციალურად დაიწყო

ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა ოფიციალურად დაიწყო. ცენტრის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე და IBA-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პიერ მოტე.

პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიაში. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტი მთლიანად ფონდ „ქართუს“ მიერ არის დაფინანსებული და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით წარიმართება.

„კომპანიამ უკვე ააწყო ორი ულტრათანამედროვე ციკლოტრონი ადრონული თერაპიის ცენტრისთვის. ერთი მთლიანად მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე თერაპიის მეთოდებით, რაც განსაკუთრებით ეფექტურია სიმსივნით დაავადებულთა და  განსაკუთრებით ბავშვთა მკურნალობისთვის; ეს იქნება რეგიონში უპრეცედენტო და უნიკალური მნიშვნელობის პროექტი, საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება, როგორც ჩვენი მოქალაქეებისათვის, ასევე რეგიონის მცხოვრებთათვის.

მეორე ციკლოტრონი დაეთმობა პროტონული თერაპიის ცენტრისა და სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის ჩამოყალიბებას, რომელიც უმნიშვნელოვანეს კვლევებს სამედიცინო, ბირთვულ და რადიაციულ ფიზიკასა და ბიოფიზიკაში წარიმართება.

მშენებლობას განახორციელებს კომპანია IDOM Consulting, რომელსაც ამ სფეროში ცენტრების პროექტირების ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ და მის ხელმძღვანელობას, დიდი მადლობა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილი ციკლოტრონის ბაზაზე პროტონული თერაპიის კლინიკა დაარსდება, რომელიც რეგიონის მასშტაბით ერთადერთი იქნება, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით მოხდება.

IBA-ს მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრმა პაციენტების მიღება 2024 წელს უნდა დაიწყოს.

დატოვე კომენტარი