ფიქრია ჩიხრაძე - ტატუნაშვილის ამბავი იმდენად დიდი ტკივილია ყველასთვის, რომ ქართულ საზოგადოებაში უპრეცედენტო ერთიანობა განაპირობა
ფიქრია ჩიხრაძე - ტატუნაშვილის ამბავი იმდენად დიდი ტკივილია ყველასთვის, რომ ქართულ საზოგადოებაში უპრეცედენტო ერთიანობა განაპირობა

არჩილ ტატუნაშვილის ამბავი იმდენად დიდი ტკივილია ყველასთვის, რომ მართლაც უპრეცედენტო ერთიანობა განაპირობა ქართულ საზოგადოებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ წილკანში განაცხადა, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს.

„დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ერთი მხრივ პატივი მივაგოთ ადამიანს, რომლიც შეიწირა საოკუპაციო, მახინჯმა რეჟიმმა და მეორე მხრივ, ეს ყველაფერი გამოვიყენოთ, რათა მთელმა ქართულმა საზოგადოებამ, ქართულმა სახელმწიფომ შექმნას მექანიზმები, რომ დამნაშავეებმა აუცილებლად აგონ პასუხი“,- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება.

არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა  სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადმოასვენეს. ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ექსპერტიზას წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ წარმომადგენელიც დაესწრო. „ემპათიას“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით წამების კვალზე მიუთითებს.

არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით 24 მარტს დაკრძალავენ.