არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ
არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ

არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ, – ამის შესახებ პირველ არხს ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა განუცხადეს.

მათი თქმით, ტატუნაშვილის ოჯახისა და ახლობლების თხოვნაც იყო, რომ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაეკრძალათ.

ამ დრომდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტატუნაშვილს სოფელ ქანდაში დაკრძალავდნენ.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან გუშინ გამთენიისას გადაასვენეს.

ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადმოასვენეს. ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ექსპერტიზას წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ წარმომადგენელიც დაესწრო. „ემპათიას“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით წამების კვალზე მიუთითებს.

არჩილ ტატუნაშვილს სამხედრო პატივით 24 მარტს დაკრძალავენ.