ფიქრია ჩიხრაძე - კონსულტაციების პროცესში შეხვედრა შევთავაზეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაეს სასამართლოსა და საპარლამენტო უმრავლესობასაც
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესში გამართული კონსულტაციების ფარგლებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეხვედრა შესთავაზა, როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ისევე უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობას, – ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კონსულტაციების დაწყებისას განისაზღვრა ადამიანებისა და ორგანიზაციების წრე, რომელთა ჩართულობაც აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო.
„შესაბამისად, აქედან ვერაფრით იქნებოდა გამორიცხული იუსტიციის უმაღლესი საბჭო და უზენაესი სასამართლო. ჩვენ გვქონდა კონტაქტი, როგორც ერთთან, ისე მეორე უწყების ხელმძღვანელებთან და შეთავაზება, რომ მათთვის სასურველ დროს, სასურველ ფორმატში გამართულიყო აღნიშნული შეხვედრები. მათ აიღეს გარკვეული ვადა პასუხისთვის. პასუხად იუსტიციის საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ საბჭოს წევრების უმეტესობა შვებულებაში იმყოფებოდა და ამიტომ ვერ მოხერხდებოდა შეხვედრა. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, მან ბრძანა, რომ ესაუბრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და მოსამართლეებმა მოსაზრებათა გამო, თავი შეიკავეს ამგვარ შეხვედრაში მონაწილეობისგან, თითქოს არგუმენტით, რომ ასეთ პროცესში მოსამართლეების ჩართულობა გამართლებულად არ მიაჩნდათ“, – განაცხადა ჩიხრაძემ.
ამასთან, მისი თქმით, შეხვედრის შეთავაზება იყო საპარლამენტო უმრავლესობის მიმართაც.
„შეთავაზება იყო ღია უმრავლესობასთან, გარკვეული მოლაპარაკებაც მიდიოდა მათთანაც, მაგრამ პროცესში უცებ გაწყდა აღნიშნული კომუნიკაცია და მათ უარი თქვეს ამ შეხვედრის დანიშვნაზე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატურის შესარჩევად მიმდინარე კონსულტაციების შეჯამების მიზნით გუშინ სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრა გამართა. როგორც შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ განაცხადა, პრეზიდენტს ჰქონდა შეთავაზება იურიდიული წრეების ფართო წარმომადგენლობისადმი, რომ დაესახელებინათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, თუმცა ამ ფორმატზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.
ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა დღეს განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მთავარი აქტორები გამორჩა. ის მიიჩნევს, რომ შერჩევის პროცესში აუცილებელი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან და უმრავლესობასთან შეხვედრა.
უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დატოვა. ამის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის მიზნით კონსულტაციები დაიწყო.