ფინეთში აღმოაჩინეს 4400 წლის წინანდელი, ხისგან გამოკვეთილი გველის ფორმის ჯოხი, რომელიც სავარაუდოდ შამანს ეკუთვნოდა — #1tvმეცნიერება
სამხრეთ-დასავლეთ ფინეთის ერთ-ერთ ტბასთან, ხისგან გამოჭრილი, გველის ფორმის ჯოხი აღმოაჩინეს; ნაკეთობა 4400 წლის წინანდელია და სავარაუდოდ, მას შამანი იყენებდა მისტიკური მიზნებით.
„როგორც ჭარბტენიანი ადგილების არქეოლოგს, ბევრი გასაოცარი საგანი მინახავს, მაგრამ ამ ფიგურის აღმოჩენამ სიტყვები წამართვა და კანკალი მომგვარა“, — ამბობს არქეოლოგი სატუ კოივისტო. იგი ფინეთის ქალაქ ტურკუს უნივერსიტეტის მკვლევარია და უცნაური ჯოხის სწორედ მისმა ჯგუფმა აღმოაჩინა არქეოლოგიურ ძეგლ იარავენსუოზე.
ფიგურის სიგრძე 53 სანტიმეტრია, სიგანე 2,5 სანტიმეტრამდე და გამოჭრილია ხის ერთი ნაჭრისგან.
„ფიგურა ძალიან ბუნებრივი შესახედაობისაა და ჩვეულებრივ ანკარა გველს (Natrix natrix) ან ჩვეულებრივ გველგესლას (Vipera berus) წააგავს სრიალის ან ცურვის პოზაში“, — წერენ მკვლევრები.
მკვლევარი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა, ფიქრობს, რომ არტეფაქტი უფრო გველგესლას ასახავს.
„ვფიქრობ, გველგესლა უფრო მართებულია, თუ გავითვალისწინებთ მისი თავის ფორმას, მოკლე სხეულს და გამორჩეულ კუდს. საყურადღებოა, რადგან გველგესლას მნიშვნელოვანი როლი ეკავა გაცილებით გვიანდელ ხალხურ რწმენებსა და მაგიაში“, — ამბობს ფინეთის აბო-აკადემის უნივერსიტეტის მკვლევარი სონია ჰუკანტაივალი.
მკვლევართა განცხადებით, ამ ხისგან გამოკვეთილ გამოსახულებას შეიძლება დეკორატიულ ფიგურად იყენებდნენ, ანდაც შამანის კუთვნილ ნივთს წარმოადგენდა.
„პირველადი ჰიპოთეზის კვალობაზე აზრიანია. ქრისტიანობამდელი ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, გველებს სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა უგრო-ფინურ და სამების კოსმოლოგიაში; ამავე დროს სჯეროდათ, რომ შამანებს გველად გადაქცევა შეეძლოთ“, — წერენ მკვლევრები.
საამები ჩრდილოეთ სკანდინავიასა და რუსეთში ცხოვრობენ, უგრო-ფინურ ენებზე კი სკანდინავიასა და აღმოსავლეთ ევროპაში საუბრობენ.
თუმცა, ეს არტეფაქტი იმაზე გაცილებით ძველია, ვიდრე ფინელი ხალხი წერას დაიწყებდა; გარდა ამისა, მკვლევრები იმაშიც არ არიან დარწმუნებული, რომ ხალხს 4400 წლის წინაც იგივე რწმენები ჰქონდა.
იარავენსუოს არქეოლოგიურ ძეგლზე ჯგუფმა ასევე იპოვა დიდი ოდენობით სათევზაო არტეფაქტი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ ზონას ხშირად სტუმრობდნენ მეთევზეები.
ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ეს არტეფაქტი შეიძლება ძღვენი იყო.
„ის ფაქტი, რომ ჯოხი ტბის მიდამოებში, ჭაობში იპოვეს, მხარს უჭერს იდეას, რომ ის ღმერთებისთვის შეწირული ძღვენი იყო და არა შემთხვევით დაკარგული ნივთი“, — ამბობს ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორი კრისტინა მანერმაა.
მანერმაა ასევე აღნიშნავს, რომ ფინეთის მჟავე ნიადაგი ხის არტეფაქტებს ხშირად ასე დიდხანს ვერ ინახავს და ეს აღმოჩენა ამ მხრივაც არის გამორჩეული.
ლაპლანდიის უნივერსიტეტის მკვლევრის, ფრანცის ჯოის განცხადებით, აღმოჩენა შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს თანამედროვე საამის ხალხისთვის.
„თუ ეს არტეფაქტი საამის ხალხის უძველეს წინაპრებთან არის დაკავშირებული, წინა პლანზე წამოსწევს სამხრეთ ფინეთში, როგორც მათ პრეისტორიულ სამშობლოში რეპატრიაციის საკითხს, რადგან ისინი მრავალი წლის განმავლობაში იყვნენ დისკრიმინაციის მსხვერპლი; ირღვეოდა მათი უფლებები“, — ამბობს ჯოი.
ძეგლის კვლევა და და არტეფაქტის ანალიზები გრძელდება. მკვლევრები ახლა იმის დადგენას ცდილობენ, რა სახის ხისგან არის დამზადებული ჯოხი.
კვლევა ჟურნალ Antiquity-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.