ფინანსთა მინისტრის მოადგილე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე სოფელ ერისიმედის მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე არსებულ პრობლემებს გაეცნო.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დასახლებაში გამართულ სოფლის კრებას კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, ერისიმედი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, საზღვრისპირა სოფელია და ამიტომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, აქ არსებული პრობლემები მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოგვარდება. მან მოსახლეობას „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დეტალები გააცნო და აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით აღდგენილი პროგრამა, საშუალებას იძლევა, ადგილობრივმა მოსახლეობამ თავად შეარჩიოს სოფლისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და გააკონტროლოს დახარჯული თანხების მიზნობრიობა.
როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, სოფლისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებაა და ამიტომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული თანხა სწორედ სასმელი წყლის ქსელების მოწყობაზე დაიხარჯება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის კრებები გაიმართა მაჩხაანის თემის სოფლებში: ხირსაში, ხორნაბუჯსა და ყარაღაჯში. ადგილობრივების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული თანხით, წელს აღნიშნულ სოფლებში სასაფლაოს ტერიტორია შემოიღობება, ასევე გარე განათების პრობლემები მოგვარდება. სოფელ ხირსაში წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციაც განხორციელდება.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული შეხვედრები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც მან აღნიშნა, კახეთის რეგიონში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები უკვე გაიმართა დაახლოებით, 200 სოფელში, დარჩენილია 80 დასახლება, სადაც სოფლის კრებები პირველ მარტამდე გაიმართება და მოსახლეობა თავად შეარჩევს პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელ პროექტებს.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ნაწილია, 2019 წლიდან აღდგა და მისი მოცულობა 40 მლნ ლარს შეადგენს.