ფილიპინების თავზე მცირე ასტეროიდი შემოიჭრა და ატმოსფეროში დაიწვა — #1tvმეცნიერება
გამთენიისას, ფილიპინების თავზე ცაში ასტეროიდი შემოიჭრა. ობიექტი ატმოსფეროში შემოსვლამდე სულ რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს და კუნძულ ლუსონის თავზე ელვარედ დაიწვა.
ასტეროიდს 2024 RW1 უწოდეს და ის NASA-ს პროგრამა Catalina Sky Survey-მ დედამიწის ატმოსფეროში შემოღწევამდე ცოტა ხნით ადრე დააფიქსირა. ობიექტის დიამეტრი სულ რაღაც ერთ მეტრამდე იყო და არ წარმოადგენდა რაიმე საფრთხეს. როგორც წესი, ამ ზომის ობიექტები პლანეტის ზედაპირამდე ვერ აღწევს და ატმოსფეროში იწვება.
ფილიპინების ჩრდილოეთ ნაწილიდან გადაღებულ ვიდეოში ჩანს კაშკაშა ცეცხლის ბურთი, რომელსაც ნაწილობრივ ღრუბლები ფარავს. ასტეროიდმა უცბად კუდიც წარმოქმნა, რომელიც სწრაფადვე გაქრა.
ეს მხოლოდ მეცხრე შემთხვევაა, როდესაც ასტეროიდი დედამიწასთან მოღწევამდე დააფიქსირეს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) აცხადებს, დედამიწის ატმოსფეროში ყოველ ორ კვირაში ერთხელ შემოდის მეტრიანი ასტეროიდი.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ასტეროიდი საფრთხეს არ წარმოადგენდა, ყოველთვის ასე არ არის. 2013 წელს, რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკის თავზე 18-ტონიანი ასტეროიდი აფეთქდა. მოვლენამ მიწისპირზე სერიოზული ზიანი გამოიწვია, 1500 ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, მაგრამ არავინ დაღუპულა.
ისტორიის მანძილზე, დედამიწას გაცილებით კატასტროფული დარტყმები მიუღია. მაგალითად, 66 მილიონი წლის წინ, გიგანტური ასტეროიდის დაცემამ დინოზავრების გადაშენება გამოიწვია.
ასტეროიდები დედამიწას წარმოუდგენლად დიდი სიჩქარით ეცემიან. ESA-ს განცხადებით, 2024 RW1 ფილიპინების თავზე წამში 17,6 კმ სიჩქარით შემოიჭრა (63 360 კმ/სთ), რაც ამ ობიექტთათვის საშუალო სიჩქარეა.
ასტეროიდთა პოპულაციებს NASA და ESA აქტიურად ეძებენ და კატალოგში შეაქვთ.
მართალია, ასტეროიდი 2024 RW1 არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა, მაგრამ ყველას კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ დედამიწა კოსმოსისგან იზოლირებული არ არის, რაც არ უნდა ასე ჩანდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.