ფილადელფიამ ზედიზედ მე-13 მატჩი მოიგო, ტორონტომ ლიდერობა განიმტკიცა [ვიდეო]

NBA-ს რეგულარული სეზონი დასასრულს უახლოვდება. ბოლო პერიოდში, შეუჩერებელია „ფილადელფია 76“. ბრეტ ბრაუნის გუნდმა საკუთარ „ველშ ფარგო ცენტრში“, აღმოსავლეთ კონფერენციაში, უშუალო კონკურენტს, მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში, კლივლენდ „კავალიერსს“ უმასპინძლა.

ფილადელფიელებმა პირველ ტაიმში დიდ უპირატესობას მიაღწიეს და ორი მეოთხედის შემდეგ, 23 ქულის სხვაობით დაწინაურდნენ. იყო ეპიზოდი, როდესაც მასპინძლები 29 ქულასაც იგებდნენ, რის შემდეგაც ოდნავ მოდუნდნენ და ამისთვის კინაღამ დაისაჯნენ.

კლივლენდელებმა ლებრონ ჯეიმსის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, ბოლო წუთებს ინტრიგა დაუბრუნეს. მატჩის დასრულებამდე ორი წამით ადრე, კოვინგტონმა ლებრონის წინააღმდეგ პერიმეტრზე თამაშის წესი დაარღვია.

იმ დროისთვის სტუმრები სამი ქულის სხვაობით მარცხდებოდნენ. ჯეიმსს სამივე საჯარიმო ტყორცნის ზუსტად შესრულების შემთხვევაში, მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა შეეძლო, თუმცა „მეფემ“ მეორე საჯარიმო გააფუჭა, ბოლო ტყორცნა კი განგებ ააცილა, დამატებაზე ლერი ნენსს აღარ გაუმართლა და ფილადელფია 76-მა ზედიზედ მე-13 გამარჯვება ჩაიწერა აქტივში 132-130.

ამ გამარჯვებით პენსილვანიურმა კლუბმა კლივლენდს გადაასწრო და მეოთხე ადგილზე გადავიდა, რაც პლეი-ოფის პირველ რაუნდში გუნდს მოედნის უპირატესობას აძლევს. აღნიშნულ საინტერესო და დაძაბულ დაპირისპირებაში ლებრონ ჯეიმსმა მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა.

კავალერების ლიდერმა 44 ქულა, 11 მოხსნა და 11 პასი გააკეთა. ასევე „ტრიბლ დაბლი“ შეასრულა ბენ სიმონსმა. ნიჭიერმა კალათბურთელემა: 27 ქულა, 15 მოხსნა და 13 პასი ჩაიწერა აქტივში. ჯეი ჯეი რედიკმა კი 28 ქულის მოგროვება შეძლო.

მორიგ გამარჯვებას მიაღწია ტორონტორეპტორზმა“. კანადურმა გუნდმა საკუთარ „ეირ კანადა ცენტრში“ ინდიანა „პეისერსს“ 92-73 აჯობა. ამ მოგებით, მასპინძლებმა პრაქტიკულად გაინაღდეს აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველი ადგილი.

დუეინ კეისის გუნდი ბოსტონ „სელტიქსს“ სამი ტურით ადრე, რგეულარული სეზონის დასრულებამდე, სამი მოგებით უსწრებს. ინდიანას წინააღმდეგ გამართულ მატჩში, „რეპტორზსს“ სერჟ იბაკამ ულიდერა. ესპანელმა მძიმე ფორვარდმა 25 ქულა და რვა მოხსნა მიითვალა აქტივში.

მომდევნო ტურში, ტორონტოელები, ასევე საკუთარ დარბაზში, ერთ-ერთ აუტსაიდერს, ორლანდო „მეჯიქს“ უმასპინძლებენ.