ფესტივალი Mountain Set: Kazbegi კუს ტბაზე, „სფეის ჰოლის“ ტერიტორიაზე ჩატარდება. ამის შესახებ ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, აჩი ხაჭაპურიძემ დღეს გამართულ პრესკონპერენციაზე განაცხადა.
ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, აღნიშნული ფესტივალის ორგანიზატორებისა და „სფეის ჰოლის“ ერთობლივი გადაწყვეტილებაა. მათივე თქმით, ფესტივალი მაღალ დონეზე გაიმართება და განრიგში ცვლილებები არ შევა.
ფესტივალის კიდევ ერთი ორგანიზატორის, ანანო ბაიდურის თქმით, მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში ბილეთების უკან დაბრუნების საშუალებაც ექნებათ.
„მოხდა არასასიამოვნო ფაქტი, ჩვენც ვართ ძალიან აღშფოთებულები. მადლობა „სფეის ჰოლს“, რომ ამ ტერიტორიაზე მოგვცეს ფესტივალის ჩატარების უფლება. ეს ერთობლივი სურვილი იყო. ხალხის მხრიდან არის დიდი თანადგომა.
ვისაც ჰქონდა ავტობუსისა და კემფინგის ბილეთები დაუბრუნდებათ თანხა.
რაც შეეხება მუქარას, ერთი-ორი ესეთი მუქარა იყო წამოსული, თუმცა ჩვენ არ მივაქციეთ ყურადღება. ასევე გვეკითხებოდნენ, რატომ ატარებთ აქ სტეფანწმინდის მიმდებარედ, როცა შეგიძლიათ ჩაატაროთ გუდაურის ტერიტორიაზეო. ჩვენ გარკვეულ დათმობაზე წავედით, მაგრამ გაბოროტებული ხალხის კლანჭები იქაც მოგვწვდა“, – განაცხადა ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ანანო ბაიდურმა.
გუდაურში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ფესტივალ Mountain Set: Kazbegi ტერიტორია გუშინ დაარბიეს.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც ქურდობას და სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.