ფედერიკა მოგერინი - მაიკ პომპეოს განცხადება არ აჩვენებს, როგორ დაეხმარება ბირთვული შეთანხმების დატოვება რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფას
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადება ირანთან დაკავშირებით არ აჩვენებს, თუ როგორ დაეხმარება ბირთვული შეთანხმების დატოვება რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ბირთვული იარაღის გავრცელების საკითხში. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.
ევროპული გაერთიანების დიპლომატმა აღნიშნა, რომ ირანთან მიღწეულ შეთანხმებას ალტერნატივა არ აქვს. ფედერიკა მოგერინიმ დასძინა, რომ ევროკავშირი ბირთვული შეთანხმების შესრულებას მანამდე აპირებს, სანამ ირანი ყველა დაკისრებულ ვალდებულებას შეასრულებს. ამასთან, ევროკავშირის დიპლომატმა განაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმება ირანთან დაკავშირებით არსებული ყველა პრობლემის მოგვარებისთვის არ არის განკუთვნილი.
„ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმება საერთაშორისო დიპლომატიის მნიშვნელოვანი მიღწევაა. დოკუმენტი ირანის ბირთვული პოტენციალის მხოლოდ სამშვიდობო მიზნებისთვის არსებობის გარანტია“, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.
ავტორი -
გვანცა ფოცხვერია