ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება-გავრცელების საქმეზე, ნოდარ მელაძის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება-გავრცელების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჟურნალისტ ნოდარ მელაძის გამოკითხვა მიმდინარეობს.
როგორც გამოკითხვის დაწყებამდე მელაძემ განაცხადა, პროკურატურა დაინტერესებულია აღნიშნული ჩანაწერის მოპოვების წყაროზე გასვლით და არა აუდიოჩანაწერში არსებული სავარაუდო დანაშაულის ძიებით. ნოდარ მელაძის თქმით, სწორედ ეს იკვეთება განჩინებიდან, რომელიც „ტვ პირველმა“ რამდენიმე დღის წინ მიიღო.
ამასთან, მელაძემ განმარტა, რომ ამ განჩინებით პროკურატურა არ ითხოვს მასალას, არამედ ითხოვს ელექტრონულ მატარებელს, რომლითაც ჩანაწერი ტელევიზიას წყარომ მიაწოდა. მელაძის თქმით, წყარო კონფიდენციალურია და ჟურნალისტის უფლებაა, მისი ვინაობა არ დაასახელოს.
მელაძის განცხადებით, ტელეკომპანია კი მზად არის, პროკურატურას გადასცეს აუდიოჩანაწერები, თუ კი შესაბამისი განჩინება იქნება, თუმცა, ჟურნალისტის თქმით, ეს საკითხი გადაწყდება იურისტებთან კონსულტაციის საფუძველზე.
საქმის პროკურორის, ლაშა კოტრიკაძის თქმით, პროკურატურა ითხოვს აუდიოჩანაწერს და განჩინებაში სწორედ ეს იგულისხმებოდა. პროკურორის განცხადებით, ელექტრონული მატარებლის შესახებ განჩინებაში ჩანაწერი კი სწორედ იქიდან გამომდინარე იყო, რომ „ტვ პირველის“ სიუჟეტში ჩანდა ელექტრონული მატარებელი და კონვერტი, რომლითაც ჟურნალისტმა აუდიოჩანაწერები მიიღო.
„დღესაც პროკურატურა მზად არის, მიიღოს ის აუდიოჩანაწერი, თუ, რა თქმა უნდა, ტელეკომპანიას და ჟურნალისტს სურვილი ექნებათ, რომ ეს ჩანაწერი გადმოგვცენ. თავად სიუჟეტში იყო გასული, რომ ეს აუდიოჩანაწერი მიტანილ იქნა კონვერტით და მოთავსებული იყო ფლეშმეხსიერების ბარათზე. ბუნებრივია, ვიხელმძღვანელეთ ამ სიუჟეტით. რამე სადაო ფაქტია, რომ მიტანილი იყო ტელეკომპანიაში აუდიოჩანაწერი? ვინმე უარყოფს ამას?”, – განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ და განმარტა, რომ ტელეკომპანიაში იძულებით შესვლა არ იგეგმება.
„განჩინება თავისი არსით არანაირ ძალადობრივ ქმედებას არ გულისხმობს. ამოღება ნიშნავს იმას, რომ მხარეები შეთანხმებულები არიან და ერთი მხარე მეორე მხარეს გადასცემს ნებაყოფლობით”, – განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.
როგორც ცნობილია, ფარული ჩანაწერების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში „ტვ პირველში“ გასული სიუჟეტის ავტორი მაკა ჩიხლაძეც გამოიკითხება.