ფარული ჩანაწერების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახის წევრები დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ
ფარული ჩანაწერების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახის წევრები დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების საქმეზე დაკავებული გ.ფ.-ს ოჯახი მისი ადგილსამყოფელის დადგენას და დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ზუგდიდის სოფელ ინგირის მკვიდრის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათ შსს-დან გვიან ღამით დაუკავშირდნენ და გ.ფ.-ს დაკავების შესახებ აცნობეს.

როგორც გ.ფ.-ს მამიდამ აღნიშნა, მისი ძმისშვილი მთავარ პროკურატურასთან ლუკა ჩხეტიას მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, გ.ფ. კარავში, სადაც მოშიმშილეები დარჩნენ, აქციის კიდევ ერთ მონაწილესთან ერთად დააკავეს. ოჯახისთვის სხვა დეტალები უცნობია.

გ.ფ.-ს მამიდა მიიჩნევს, რომ მისი ძმისშვილი პოლიტიკური მოტივით დააკავეს.

შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე დღეს 16 პირი დააკავა.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფარული ჩანაწერების საქმეზე მათი ორი აქტივისტია დაკავებული.