ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულებიდან აღკვეთის ღონისძიებად დღეს ორ პირს პატიმრობა შეეფარდა, შვიდს კი, გირაო
პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების უკანონოდ მოპოვება-გავრცელება-შენახვის საქმეზე ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, ხოლო შვიდს – გირაო. აღნიშნულ საქმეზე შსს-მ სულ 17 ადამიანი დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯერ მხოლოდ ცხრა მათგანის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელეს.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ბრალდების მხარე სამი პირის მიმართ ითხოვდა პატიმრობას, თუმცა მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ პროკურორების მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მხოლოდ ორს შეუფარდა პატიმრობა.
გირაოს თანხის შეტანამდე, ბრალდებულები საპატიმროში დარჩებიან. მათ თანხის დაფარვა 35 დღის ვადაში მოუწევთ.
როგორც პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა განაცხადა, ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვდა იმ ბრალდებულების მიმართ, რომლებმაც აღნიშნული ვიდეოჩანაწერი გაავრცელეს.
რაც შეეხება კითხვას, დაკავებულია თუ არა ვიდეოკადრების პირველი გამავრცელებელი, პროკურორმა აღნიშნა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობას.
„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მოკლებული ვარ შესაძლებლობას, გითხრათ, ცნობილია თუ არა პირი, რომელმაც პირველმა გაავრცელა ეს ვიდეოჩანაწერი. თუმცა გეტყვით, რომ ყველა პირის მიმართ, რომლებსაც შესაძლებელია გავრცელებული ან უკანონოდ მოპოვებული და შენახული ჰქონდეთ ეს ვიდეოჩანაწერი, მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა პროკურორმა.
საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 27 მარტს 11:30 საათზე გაიმართება.
შსს-მ 1-ელ თებერვალს საღამოს დააკავა პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი „იუთუბზე“ (youtube) ატვირთა.
მანამდე, შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავა.