მცენარეებზე მოშარდვა დღეს ალბათ მებაღეობაში საკმაოდ უცნაურ, სულელურ ქცევად ჩაითვალოს, მაგრამ უკვე ათასობით წელიწადია ცნობილია, რომ ასეთი პრაქტიკა სასარგებლოა.
მიუხედავად ამისა, იმ ზიზღიდან გამომდინარე, რაც ფეკალური მასებისადმი არსებობს, ნაკლებად არის სავარაუდო, რომ მებაღეებმა და ფერმერებმა უარი თქვან ძვირად ღირებულ სასუქებზე იმის გამო, რომ მცენარეებისთვის საჭირო იგივე ნივთიერებები ჩვენს შარდში უფასოდ არის.
ზოგიერთ ფერმერს ასეთი საკვები ნივთიერებები ხშირად ძალიან სჭირდება, მაგრამ ხელი არ მიუწვდება. მრავალი ფერმერი, ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის თუნდაც ნიგერი და მისი მიყრუებული რეგიონები, დიდ პრობლემას უქმნის მიწის გამოფიტვა, რომ აღარაფერი ვთქვათ მკაცრ გარემო პირობებზე; ეს კი ძლიერ ართულებს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანას.
ამიტომ, ნიგერის აგრარულ კვლევათა ეროვნული ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფმა ჰანატუ მუსას ხელმძღვანელობით, აზიის გარკვეულ ნაწილებში დღემდე გამოყენებული ამ უძველესი პრაქტიკის შესწავლა გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, მიმართეს გარკვეულ თანამედროვე მეთოდებსაც, მაგალითად, შარდი სანიტარულად დაამუშავეს, რათა ის ყველასთვის უსაფრთხო ყოფილიყო.
მუსას და მის კოლეგებს მოხალისე ქალების ჯგუფი დაეხმარა, რომლებიც შარდის სასუქს საკუთარ ფერმებში ტესტავდნენ. სუბსაჰარული აფრიკის ამ მკაცრ მიწებზე საკვების მოსაყვანად ქალები კაცებზე მეტს მუშაობენ, მაგრამ მათ არ გააჩნიათ კონტროლი მიწასა და რესურსებზე, არც ინფორმაციაზე აქვთ ადვილი წვდომა.
ხშირად, ამ ქალებს საკვები ნივთიერებებისგან სასტიკად გამოფიტულ მინდვრებში უწევთ რეგიონის მთავარი კულტურის, აფრიკული ფეტვის (Cenchrus americanus) მოყვანა.
პირველ რიგში, ქალებმა სასუქ პროდუქტს დაარქვეს „ოგა“, რაც ადგილობრივ იგბოს ენაზე „უფროსს“ ნიშნავს. ამის მიზანი იყო სოციალური, რელიგიური და კულტურული ბარიერების გადალახვა, რათა გახსნილიყო დისკუსია ადამიანის შარდის გამოყენების შესახებ.
ამის შემდეგ, მოხალისეები ორ ჯგუფად დაყვეს. პირველი ჯგუფი თავიანთ ტრადიციულ ფერმერულ მეთოდთა გამოყენებას აგრძელებდა, მეორე კი „ოგას“ იყენებდა, როგორც ცხოველის ნაკელთან ერთად, ისე მის გარეშე; ექსპერიმენტამდე მათ ჩაუტარდათ ტრენინგი პროდუქტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ.
ინდუსტრიული სასუქის წარმოება ძირითადად მოითხოვს ინტენსიურ მოპოვებას ფოსფორისა და კალიუმის შემცველი მაღაროებიდან. ბუნებრივი აირის მაღალ ტემპერატურაზე წვა ჰაერიდან ძლიერ საჭირო აზოტის ამოღებას ახდენს. სხვა მრავალ ნივთიერებასთან ერთად, მცენარეები ფოტოსინთეზისთვის ამ სამ ელემენტს იყენებენ.
ამ დროს, ჩვენი შარდი სავსეა ფოსფორით, კალიუმითა და აზოტით, თანაც უკვე ადვილად ხელმისაწვდომ ფორმაში.
ამას გარდა, განავალთან შედარებით, შარდი ორგანიზმის დატოვებისას უფრო სტერილურია და ამის მიზეზი მასში არსებული ამიაკია. უბრალოდ საჭიროა, რომ ის კანისტრებში 2-3 თვის განმავლობაში შევინახოთ 22 – 24 °C ტემპერატურაზე, რათა დაიშალოს ის პათოგენები, რომლებიც მჟავა სითხეებში დიდხანს ძლებს.
ამიტომ, ქალებს ასწავლეს ეს სანიტარული პროცესი და „ოგას“ გაზავება გამოყენებისთვის. პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში, ისინი ოგას ორგანულ ნაკელთან ერთად იყენებდნენ; მას შემდეგ, რაც ეს პრაქტიკა წარმატებული აღმოჩნდა, მხოლოდ „ოგას“ ცდა დაიწყეს.
სამი წლის განმავლობაში (2014-2016), ჯამში 681 ცდისას, მათ, ვინც „ოგას“ იყენებდა, აფრიკული ფეტვის მოსავალი საშუალოდ 30 პროცენტით გაეზარდათ. სხვაობა იმდენად აშკარა იყო, რომ „ოგას“ გამოყენება იმ ზონაში მცხოვრებმა სხვა ქალებმაც დაიწყეს.
„ოგას აქვს დაბალი რისკი, წარმოადგენს გამოყენებისთვის მზა იაფ სასუქს გამოფიტული ზონებისთვის, სადაც ფეტვის მოსავალი ძლიერ დაბალია“, — წერენ მკვლევრები.
თუკი ამ პროდუქტის გამოყენებას ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებშიც დაიწყებენ, მან შეიძლება არა მხოლოდ გაზარდოს მოსავლიანობა, არამედ შეამციროს მათ მოსაყვანად საჭირო წიაღისეული საწვავის დიდი რესურსების საჭიროებაც და უფრო მდგრადი გახადოს სანიტარული სისტემები. შარდის სასუქის ფართო გამოყენების დაწყებას ასევე გეგმავენ ჯგუფები შვედეთში, აშშ-სა და ავსტრალიაში.
„წელიწადში მილიონობით დოლარი იხარჯება მიმღებ წყლებში გაშვებამდე ფეკალური მასების დასამუშავებლად, რათა დააკმაყოფილონ აზოტისა და ფოსფორის შესაბამისი დონის კრიტერიუმი“, — აღნიშნა შარშან გრიფიტის უნივერსიტეტის მკვლევარმა კარა ბილმა განხილვისას, რომელიც ავსტრალიაში ასეთი სასუქის გამოყენების ცდების დაწყებას ეხებოდა.
ნიგერში ჩატარებული ექსპერიმენტიდან ორი წლის შემდეგ, სოფლის მეურნეობაში შარდის სასუქის გამოყენება ათასობით ქალმა დაიწყო.
კვლევა Agronomy for Sustainable Development-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.