„ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს 15:00 საათიდან შეეძლებათ, ვაქცინაცია კი 16 ივლისიდან დაიწყება
„ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს 15:00 საათიდან შეეძლებათ, ვაქცინაცია კი 16 ივლისიდან დაიწყება, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამერიკულ-გერმანული წარმოების „ფაიზერის“ ვაქცინა უკვე საქართველოშია. „ფაიზერით“ იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე შვიდ სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ.
„ფაიზერის“ ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.
„ფაიზერმა“ ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა.
„უსაფრთხოებიდან გამომდინარე, „ფაიზერითა“ და „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი, ხოლო ჩინური ვაქცინებით – „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ იმუნიზაცია მოქალაქეებს დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც შეეძლებათ“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
„ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – booking.moh.gov.ge.
„კოვიდ-19“-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად, ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ – 144-3.
„ფაიზერთან“ ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველო ეტაპობრივად 1 000 350 დოზა ვაქცინას მიიღებს.