„ფაინენშალ თაიმსი“- ბევრი ევროპელი დიპლომატი პირად საუბრებში აცხადებს, რომ კითხვა ისმის არა იმასთან დაკავშირებით, როდის გახდება უკრაინა ევროკავშირის წევრი, არამედ ოდესმე თუ გახდება
„ფაინენშალ თაიმსი“- ბევრი ევროპელი დიპლომატი პირად საუბრებში აცხადებს, რომ კითხვა ისმის არა იმასთან დაკავშირებით, როდის გახდება უკრაინა ევროკავშირის წევრი, არამედ ოდესმე თუ გახდება

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება „მონუმენტურ შედეგებს“ მოიტანს, – ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ წერს.

ბრიტანული გამოცემის ვრცელ სტატიაში ნათქვამია, რომ „ბრიუსელში და ასევე ევროკავშირის წევრი ქვყნების დედაქალაქებში ოფიციალური პირები კითხვებს სვამენ არა მხოლოდ უკრაინის შესაძლებლობაზე, განახორციელოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების გრძელი ნუსხა, არამედ იმასთან დაკავშირებითაც, შეუძლია თუ არა თავად ევროკავშირს შიდა რეფორმების სათანადოდ ჩატარება, რომ მიიღოს უკრაინა და ბევრი სხვა პოტენციური წევრი“.

„ფაინენშალ თაიმსთან“ საუბარში ბრიუსელში მდებარე გეოპოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი ლუკ ვან მიდელაარი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე დებატები ბრიუსელში მოქცეულია „ევროკავშირის გაფართოების შესაძლებლობის“ ჩარჩოში.

„რეალურად, ასე არ არის. ეს ძალზედ პოლიტიკური საკითხია, რომელიც შეფუთულია ბიუროკარტიულ სამოსში“, – ამბობს „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში ლუკ ვან მიდელაარი.

გამოცემა წერს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შედეგებთან დაკავშირებით დისკუსია ძირითადად პირად საუბრებში მიმდინარეობს, რადგან პოლიტიკოსები ერიდებიან საჯარო დებატებს იმ საკითხზე, რომელიც პოტენციურად უთანხმოებას გამოიწვევს.

სტატიაში ასევე ნათქვამია, ევროკავშირის წევრი ბევრი ქვეყანა ცდილობს, იპოვოს გამოსავლი, რომ ევროკავშირის გაფართოებისთვის საჭირო რეფორმების პროცესში არ გახდეს საჭირო ბლოკის ყოვლისმომცველი შეთანხმებების შეცვლა, რაც არის გრძელვადიანი პოლიტიკური პროცესი და საჭიროებს ბევრ ქვეყანაში რეფერენდუმების ჩატარებას, რაც ევროსკეპტიკოსების კამპანიებს წაადგება. თუმცა, როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, ის ფაქტი, რომ „ევროკავშირის გაფართოების შესაძლებელობის“ საკითხი შეტანილია ოქტომბერში გრენადაში დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის დღის წესრიგში, მეტყველებს, რომ ამ თემის მიჩქმალვა აღარ შეიძლება.

„ეს ეხება იმ პრობლემების იდენტიფიცრებას, რომლებიც უნდა გადავჭრათ, ვიდრე ახალი ქვეყნები გაწევრიანდებიან ევროკავშირში. ჩვენ უნდა მოვიფიქროთ, რას ნიშნავს ეს, როგორ უნდა ვუზრუნველყოთ, რომ კავშირმა ფუნქციონირება გააგრძელოს“, – ამბობს ბრიტანულ გამოცემასთან საუბარში ევროპელი დიპლომატი.

„ფაინენშალ თაიმსის“ მიხედვით, დისკუსია ორ ძირითად საკითხს ეხება. პირველი ეხება ევროკავშირის საბიუჯეტო რეფორმას, როდესაც ახალი წევრები, სავარაუდოდ, გახდებიან ევროკავშირის დაფინანსების ბენეფიციარები და რა რეაქცია ექნებათ ნაკლებად მდიდარ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს იდეაზე, რომ ისინი კონტრიბუტორები გახდებიან.

„მეორე საკითხი ეხება იმ ინსტიტუციურ რეფორმას, რომელიც აუცილებელი იქნება, რათა ევროკავშირმა იოლად შეძლოს გადაწყვეტილებების მიღება იმ პირობებში, როდესაც ბლოკში, 27-ის ნაცვლად, 35 წევრი იქნება. თუ ევროკავშირი ვერ მოახერხებს პროცედურების გადახედვას, შესაძლოა, ამან შეაფერხოს ევროკავშირი, განსაკუთრებით პოლიტიკის იმ სფეროებში, სადაც გადაწყვეტილების მიღებას ერთსულოვნება სჭირდება“, – წერს ბრიტანული გამოცემა.

„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მძიმედ დააწვება ევროკავშირის ფინანსებს. ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც ბრიტანულმა გამოცემამ მოიპოვა.

„ევროკავშირის ბიუჯეტის ორი უმსხვილესი სფერო გახლავთ ერთიანი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა და ერთიანობა, ანუ რეგიონული ხარჯები. ამ ორ სფეროზე მოდის ევროკავშირის მომდევნო 5 წლის ბიუჯეტის 62%, დაახლოებით 370 მილიარდი ევრო. უკრაინის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ფართობით მთელ იტალიას აღემატება, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმებულია მოსახლეობის 14%. შესაბამისად, უკრაინის მიღება მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს, რადგანაც მაშინ უკრაინა გახდება ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო სფერში გამოყოფილი თანხების დიდი ნაწილის მიმღები, რაც მეტწილად მოიცავს ფერმერებისთვის გადახდებს და შემოსავლების მხარდაჭერას. ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება, რადგანაც სხვა ქვეყნების ფერემერებს მოუწევთ უფრო მწირი თანხების მიღებაზე დათანხმება ან ევროკავშირი უნდა შეთანხმდეს სასოფლო-სამეურნეო ბიუჯეტის მასშტაბურ ზრდაზე“, – წერს „ფაინენშალ თაიმსი“.

როგორც გამოცემა წერს, ეს პრობლმები ყველაზე მეტად შეეხება საფრანგეთს და პოლონეთს. ამ კონტექსტში სტატიის ავტორებს მაგალითად მოჰყავთ ის პროტესტი, რომელიც პოლონელი ფერმერების მხრიდან მოჰყვა პოლონეთის ბაზარზე იაფი უკრაინული მარცვლეულის შესვლას.

„უკრაინა ჯერ არც კი გაწევრიანებულა ევროკავშირში და უკვე შეუქმნა პრობლემები ერთიან ბაზარს“, – ამბობს „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში ევროპელი დიპლომატი, რომლის ვინაობაც არ სახელდება.

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, კიდევ უფრო დიდ პრობლემას იწვევს ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, რომელიც ბლოკის გაფართოების შემთხვევაში უფრო რთული გახდება, რადგან დღეს არსებული წესით ერთ ქვეყანას შეუძლია, დაბლოკოს ნებისმიერი წინადადება, რომელიც მას არ მოსწონს, როგორც ამას ხშირად აკეთებს უნგრეთი.

ამ საკითხზე „ფაინენშალ თაიმსთან“ კომენტარი გააკეთა საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა, ლაურენს ბონმა. მისი თქმით, პარიზი მზადაა ფართო დისკუსიისთვის, რაც მოიცავს ევროკავშირში ახალი წევრების მიღების ეტაპებად დაყოფას. როგორც ის ამბობს, პარიზში ფიქრობენ, რომ ვიდრე ევროკავშირი დეკემბერში მიიღებს გადაწყვეტილებას, დაიწყოს თუ არა უკრაინის ან სხვა კანდიდატების გაწევრიანების პროცესი, ბლოკმა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ მზადაა, თავადაც განახორციელოს რეფორმები.

„ფაინენშალ თაიმსთან“ საუბარში კიდევ ერთი ევროპელი დიპლომატი, რომლის ვინაობასაც გამოცემა ასევე არ ასახელებს, აცხადებს, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესში ბლოკის ბევრი წევრი მოითხოვს, კანდიდატი ქვეყნების მიერ კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა უფრო მკაცრად იყოს უზრუნველყოფილი და ამისთვის არსებობდეს უფრო ქმედითი მექანიზმები.

„ჩვენ ვნახეთ უკუსვლა პოლონეთსა და უნგრეთში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო მკაცრ კანონებს მივიღებთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მყოფი ქვეყნებისთვის. მათ შორის ეს ეხება კანონის უზენაესობას, ანგარიშვალდებულებას, სისტემას, მართლმსაჯულების დამოუკიდებელობას, კორუფციასთან ბრძლას და მედიას“, – აცხადებს ევროკომისარი ვერა იუროვა.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ბევრი ევროპელი დიპლომატი პირად საუბრებში ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრისას აცხადებს, რომ კითხვა ისმის არა იმასთან დაკავშირებით, როდის გახდება უკრაინა ევროკავშირის წევრი, არამედ ოდესმე თუ გახდება.

მიუხედავად ამისა, როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, ევროკავშირის ოფიციალური პირები მუდმივად საუბრობენ იმ პროგრესზე, რომელსაც უკრაინა აღწევს პრეზიდენტ ზელენსკის მეთაურობით, რასაც ბევრი აღიქვამს იმის სიგნალად, რომ წლის ბოლოს უკრაინის ევროკავშირში გაწვრიანების პროცესის დაწყების ალბათობა იზრდება. თუმცა, ამავე დროს ევროპელი დიპლომატები აღიარებენ, რომ მანამდე ევროკავშირს ძალიან ბევრი შიდა რეფორმის გატარება მოუწევს.

„როგორც ზოგიერთი ოფიციალური პირი აღნიშნავს, რეალობა არის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იქნება ხანგრძლივი, როდესაც კანდიდატ ქვეყნებს დროთა განმავლობაში ცალკეულ სექტორებში ინტეგრაცია შეეძლებათ, რაც გააადვილებს მათ გაწევრიანებას“, – ნათქვამია „ფაინენშალ თაიმსის“ სტატიაში.