ტორბიორნ იაგლანდი საპარლამენტო ასამბლეის წევრების კითხვებს პასუხობს
ტორბიორნ იაგლანდი საპარლამენტო ასამბლეის წევრების კითხვებს პასუხობს

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი საპარლამენტო ასამბლეის წევრების კითხვებს პასუხობს.

ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა აზერბაიჯანის კორუფციულ სკანდალს, სადაც ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეის წევრები მექრთამეობასა და კორუფციაში ამხილეს. ისინი კონკრეტული ქვეყნების ინტერესებს ლობირებდნენ, სანაცვლოდ კი სოლიდურ თანხებსა და საჩუქრებს იღებდნენ. ქრთამის გამცემად აზერბაიჯანის ხელისუფლება დასახელდა.

გენერალურ მდივანს კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა.

„დამოუკიდებელი გამოძიება კორუფციის საქმეზე ევროსაბჭოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. მრავალი წევრი შიშობს, რომ ამ გამოძიების ერთ ასპექტს სჭირდება მეტი სიცხადე. კერძოდ, ყოფილმა ელჩმა მამადოვმა განაცხადა, რომ 2011 წელს მან მოგაწოდათ კონკრეტული ინფორმაცია სამდივნოში შეხვედრისას. თქვენ ირწმუნებოდით, რომ ეს შეხვედრები მხოლოდ ზოგადი ხასიათის იყო, ბატონი მამადოვი მხოლოდ მის ქვეყანაში არსებულ კორუფციაზე ჩიოდა. არსებობს დადგენილება, რომ წევრებმა კორუფციასა და თაღლითობაზე ინფორმაცია უნდა მიაწოდონ სამდივნოს. ეს წევრები (ზოგიერთმა მათგანმა წერილიც გამოგიგზავნათ) ფიქრობენ, რომ თქვენ უნდა გამოაქვეყნოთ იმ შეხვედრის ჩანაწერების, რომელიც ბატონი მამადოვის თქმით, შედგა“, – მიმართა გიორგი კანდელაკმა ტორბიორნ იაგლანდს.

როგორც ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, მან ამ საკითხზე პასუხი უკვე რამდენჯერმე გასცა, მათ შორის პირველად 2014 წელს.

“ჩვენ გვაქვს ასეთი პრაქტიკა და ის ძალიან მნიშვნელოვანია. მე რეგულარულად და ხშირად ვხვდები ელჩებს. ჩვენ არასდროს ვაკეთებთ ჩანაწერებს, თუმცა მე ყოველთვის მახლავს პირი სამდივნოდან. გამოძიებამ ეს პირი გამოიძახა, მან დამოუკიდებელ კომისიას განმარტება მისცა. ამ კომისიამ საჭიროდ არ მიიჩნია ჩემი გამოძახება”, – აღნიშნავს ტორბიორნ იაგლანდი.

გენერალური მდივნის თქმით, შოკისმომგვრელი იყო ის, რაც ყოფილმა ელჩმა მათ აზერბაიჯანში არსებულ ვითარებაზე უამბო. სწორედ მისი მანდატის განმავლობაში პირველად, ადამიანის უფლებების შესახებ კონვენციის 52-ე მუხლის შესაბამისად, აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდა, ციხიდან გაეთავისუფლებინათ მამედოვი, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილებით, პატიმრობაში ხელისუფლების კრიტიკისა და გაჩუმების მიზნით იყო მოთავსებული.