არჩილ თალაკვაძე - ვენეციის კომისიამ, ახლა უკვე ევროპის საბჭომ თქვა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი არ უნდა იყოს პერსონალური, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით თვეების განმავლობაში
არჩილ თალაკვაძე - ვენეციის კომისიამ, ახლა უკვე ევროპის საბჭომ თქვა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი არ უნდა იყოს პერსონალური, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით თვეების განმავლობაში

ჯერ – ვენეციის კომისიამ, ახლა უკვე ევროპის საბჭომ თქვა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი არ უნდა იყოს პერსონალური, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით თვეების განმავლობაში, კანონი უნდა იყოს სისტემური, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდის მიერ შექმნილ პროექტში პერსონალური მიდგომა არც არის, არამედ პროექტი მოიცავს სისტემურ კრიტერიუმებს.

„მეორე შეფასება, რაც ევროპის საბჭომ გააკეთა, ეხება დეოლიგარქიზაციის კანონს. დეოლიგარქიზაციის კანონზე ევროსაბჭომ თქვა, პერსონალური მიდგომა არ უნდა იყოს კანონშიო. გახსოვთ, ვინ ითხოვდა პერსონალურ მიდგომას, ეს იყო ისევ რადიკალური ოპოზიცია, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ კანონიც კი არ გვჭირდება, სახელი და გვარი ჩავწეროთ პირდაპირო. ამაზე ჯერ – ვენეციის კომისიამ, დღეს უკვე ევროპის საბჭომ თქვა, რომ კანონი არ უნდა იყოს პერსონალური, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით თვეების განმავლობაში, კანონი უნდა იყოს სისტემური და ის იძლევა სისტემურ კრიტერიუმებს. გარდა ამისა, პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუნდის სახელით უკვე გამოთქვა მზადყოფნა, რომ მას შემდეგ, რაც რეკომენდაციები აისახება ამ კანონპროექტში, ჩვენ კიდევ ერთხელ მზად ვართ, გავაგზავნოთ ის ვენეციის კომისიაში. პერსონალური მიდგომა ჩვენ მიერ შექმნილ პროექტში არ არის, არც იქნება. ჩვენ მივაწოდეთ სისტემური კანონი, სადაც არავის სახელი და გვარი არ წერია და არც იგულისხმება. წერია სისტემური კრიტერიუმები, რომ თუ ადამიანი საკუთარი ფინანსებით ერევა კონკრეტულად ამ და ამ სფეროებში და გავლენას ახდენს, მაშინ ის აკმაყოფილებს ამ კატეგორიას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ განცხადება გაავრცელეს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ვიზიტით 27-29 მარტს იმყოფებოდა.