„ევროპული საქართველო“ პანკისში განვითარებულ პროცესებზე გიორგი გახარიასა და ნათია თურნავას პარლამენტში იბარებს
„ევროპული საქართველო“ პანკისში განვითარებულ პროცესებზე, საპარლამენტო კომიტეტების ფორმატში, შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიასა და ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას იბარებს.
როგორც ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განუცხადა, უმძიმესი ჩავარდნის, უპასუხისმგებლობის, გაუაზრებლობის, არათანმიმდევრულობის, უძალობისა და უსამართლობის კომბინაციის შემდეგ კომიტეტის სხდომაზე მინისტრები უნდა გამოცხადნენ და მარტივ კითხვებზე გასცენ პასუხები, რა გადაწყვეტილებები ჰქონდათ მიღებული და პროცესი ასე რატომ დაგეგმეს.
„აუცილებელი იყო, ადგილი ასეთ შეტაკებას ჰქონოდა, რომ თავისი პოზიცია გადაეფიქრებინათ? რამხელა უპასუხისმგებლობაა ჯერ ასეთი მოქმედება და შემდეგ ფიქრი, რაც ზოგადად, ბიძინა ივანიშვილის გუნდს ახასიათებს. ყველაზე სახიფათო კომბინაცია – უძალობისა და უსამართლობის ამ ძალიან სახიფათო რეგიონშია და ორივეს დემონსტრირება გუშინ ხელისუფლების მიერ მოხდა. რატომ დადგნენ ამ ბეწვის ხიდზე? წლებია, ვაფრთხილებთ, რომ რეგიონში ვითარება ძალიან პრობლემატურია ბევრი თვალსაზრისით. ხელისუფლება დემონსტრირებას ახდენს, რომ თანმიმდევრობა არ აქვს არც ჰესების საკითხში მაშინ, როცა ჰესების წინააღმდეგ კამპანიაში პიონერები იყვნენ. ეს რეგიონი მიტოვებულია და ხელისუფლება, როგორც კანონის უზენაესობის დამცველის ფუნქციას წლებია ვერ და არ ასრულებს. ყველაზე ცუდია, როცა ჩვენს მოქალაქეებს და განსაკუთრებით ასეთ რეგიონში განცდა აქვთ, რომ ხელისუფლება თან სუსტია და თან უსამართლო”, – განაცხადა ბოკერიამ.
დეპუტატი პანკისის მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.
„დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ძალადობა პოლიციელების წინააღმდეგ. არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლებაში ხარ, თუ ოპოზიციაში, მაგრამ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ საქმე აქამდე მოვიდა, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას ეკისრება, მისი უპასუხისმგებლო, გაუაზრებელი ნაბიჯების გამო. მათმა რეაქციამ ეს გაუაზრებლობა და არათანმიმდევრულობა გამოიწვია. შს მინისტრი ასეთი მძიმე ინციდენტის შემდეგ აცხადებს, რომ მოქალაქეებთან მოლაპარაკება არანაირი პრობლემა არ იყო. ანუ, თვითონ ადასტურებს, რომ არც კანონის უზენაესობა არ არსებობს და მას პრინციპული პოზიციაც არ ჰქონია”, – განაცხადა ბოკერიამ.
პანკისის ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის გუშინ დაპირისპირება ორჯერ მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
ადგილზე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომლებიც აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.
გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს. ამასთან, მისივე განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც პანკისის ხეობაში ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.
პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას სამედიცინო დახმარება 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა, მათ შორის უმრავლესობა სამართალდამცველია.
სოფელ ბირკიანში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.