„ევროპული საქართველო“ განათლების კომიტეტში ია კერზაიას საქმეზე თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნას მოითხოვს
„ევროპული საქართველო“ განათლების კომიტეტში ია კერზაიას საქმეზე თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნას მოითხოვს

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან და მისი დირექტორის, ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით, დღეს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრები, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის ფარგლებში თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნას მოითხოვენ.

„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ სკოლის დირექტორის გარდაცვალება ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ ზემოქმედებას უკავშირდება და პროკურატურა საქმეს მიზანმიმართულად არ იძიებს.

„ია კერზაიას დაღუპვის შემდეგ გავიდა საკმაოდ დიდი დრო. ჩვენ ვხედავთ, რომ პროკურატურა უმოქმედოა. აშკარაა, ეს ტრაგედია დაკავშირებული იყო არჩევნებში ხელისუფლების მხრიდან ზემოქმედებასთან. შესაბამისად, „ევროპული საქართველო“ დააყენებს საკითხს განათლების კომიტეტზე იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა დაიწყოს მოკვლევა“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ თემატური ჯგუფის შექმნა არაეფექტური იქნება და პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია უფრო მიზანშეწონილია.

„არ ვიცი, თემატური მოკვლევის ჯგუფი რამდენად იქნება სწორი ფორმატი. ვფიქრობ, ალბათ თუ რაიმე სახის საპარლამენტო ფორმატზეა საუბარი, შესაძლოა უფრო მიზანშეწონილი იყოს საგამოძიებო კომისია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნას განათლების კომიტეტის თავმჯდომარე პასუხობს. როგორც მარიამ ჯაში აღნიშნავს, გამოძიების დასრულებამდე ალტერნატიული კომისიების შექმნა მიზანშეწონილი არ არის. მისივე თქმით, პროცესის დასრულების შემდეგ, კითხვების დარჩენის შემთხვევაში, მზად არის ხელი შეუწყოს მათზე პასუხების გაცემას.

„განათლების კომიტეტმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა მინისტრის აბსოლუტურად დეტალურად მოსმენის შესაძლებლობა კომიტეტის ფარგლებში. ვფიქრობ, ამ ეტაპზე, ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს, არ არის მიზანშეწონილი შესაბამისი თემატური მოკვლევის ჩანიშვნა და მოწვევა. ბუნებრივია, ჩვენ უნდა დაველოდოთ პროცესის დასრულებას. თუკი დარჩება კითხვები, ბუნებრივია მზად ვარ, ისევე, როგორც 2018 წლის ბოლოს, ხელი შევუწყოთ პასუხგაუცემელ კითხვებზე პასუხის გაცემას“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

განათლების კომიტეტის სხდომაზე ასევე საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანაზე იმსჯელებენ. კერძოდ, კანონში გაიწერება სამთავრობო ინიციატივის შესახებ, რომლის მიხედვითაც განათლების დაფინანსება იზრდება და 2022 წლისთვის მშპ-ის ექვსი პროცენტი განათლების სფეროს დაფინანსებაზე იქნება მიმართული. პრემიერ- მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით, საქართველოს მთავრობა ვალდებული იქნება, განათლების სექტორში მშპ-ის ექვსი პროცენტის ინვესტიცია განახორციელოს.