ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში დარეგისტრირდა
ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში დარეგისტრირდა

უკვე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოსგან ველოდებით ამ უსამართლობაზე პასუხს, ვინაიდან საქართველოში ჩვენთვის ყველა ინსტანცია დაიკეტა სასამართლოსა და პროკურატურის ჩათვლით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გარდაცვლილი ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ განუცხადა.

მისი თქმით, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რამდენიმე დღის წინ გაიგზავნა და უკვე დარეგისტრირდა.

„მტკიცებულებებს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა სამართალდამცავმა ორგანოებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩვენ არანაირი მტკიცებულება არ გვქონოდა. პროკურატურა ერთი წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, დაკავებული იყო საქმის გაყალბებით და მოწმეებზე ზეწოლით. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოვიპოვეთ გარკვეული მტკიცებულებები, რომლებიც წარვადგინეთ სტრასბურგში. საკმაოდ ვრცელია ეს მასალა, მათ შორის ვიდეომასალასაც შეიცავს. შესაბამისად, უკვე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოსგან ველოდებით ამ უსამართლობაზე პასუხს, ვინაიდან საქართველოში ჩვენთვის ყველა ინსტანცია დაიკეტა სასამართლოსა და პროკურატურის ჩათვლით. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ დაგვრჩენია სხვა გზა, გარდა იმისა, რომ ველოდოთ ევროპაში ჩვენი სამართლის აღსრულებას. ევროპული სასამართლოდან ალბათ უახლოეს მომავალში დაველოდებით სარჩელის წარმოებაში მიღებისა და განხილვაში მიღების შესახებ გადაწყვეტილებას. მტკიცებულებები არის როგორც დოკუმენტური სახით, ასევე ვიდეომტკიცებულებები. საკმაოდ ვრცელი და დეტალური არის ეს სარჩელი და ვეცდებით, დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე უკვე ევროპულ დონეზე“, – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

პროკურატურამ 23 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჩატარებული გამოძიების შედეგად, ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება – დანაშაულის არარსებობის გამო, საქმეზე გამოძიება შეწყდა.