მიხეილ ბატიაშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ ზუგდიდის საჯარო სკოლებში ინსპექციის გაგზავნა გიორგი გახარიამ დაავალა
მიხეილ ბატიაშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ ზუგდიდის საჯარო სკოლებში ინსპექციის გაგზავნა გიორგი გახარიამ დაავალა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზუგდიდის საჯარო სკოლებში გენერალური ინსპექციის გაგზავნა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დაავალა.

აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ გაავრცელა.

მინისტრის თქმით, გარდაცვლილი ია კერზაიას საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და თუ შედეგად მისი ბრალეულობა გამოიკვეთება, ის მზად, არის თანამდებობა დატოვოს.

„ბევრჯერ მაქვს გაცხადებული, არანაირი ასეთი ინფორმაცია არ ყოფილა. როგორც იცით, მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ამ მიმართულებით, როგორც ვიცით, საკმაოდ აქტიურად მუშაობს. პირველივე დღიდან ვახსენებდი, როგორც კი, ვთქვათ, ამ მიმართულებით სამინისტროს ან ჩემი რაღაც შეიძლება, გახდეს საჭირო, არამარტო იურიდიული, მორალური პასუხისმგებლობაც, მზად ვარ, დავტოვო თანამდებობა“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.