სერგო რატიანის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ ბოიკოტის რეჟიმში რჩება და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ აპირებს
„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი სარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას აცხადებს, რომ საარჩევნო უბნებთან შეკრება გარკვეულ რადიუსზე აკრძალული უნდა იყოს.
„აქ, როგორც წესი, ხელისუფლების ადმინისტრაციული რესურსი არის ხოლმე გამოყენებული. გარდა ამისა, კოორდინატორები, ძველი ბიჭები და როგორც წესი, ზეწოლას ახორციელებს ამომრჩეველზე. ამიტომ უნდა იყოს გარკვეული რადიუსი, მით უმეტეს, პანდემიის დროს ისედაც მიზანშეწონილია, იყოს გარკვეული სივრცე. ამიტომ ეს არის ერთი წესი, რომელიც უნდა შეიცვალოს“,- განაცხადა რატიანმა.
ამასთან, რატიანი მიიჩნევს, რომ იმაზე მეტი დრო უნდა დაეთმოს პოლიტიკურ რეკლამას, ვიდრე დაშვებულია.
გარდა ამისა, ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, ხალხმრავლობის თავიდან ასარიდებლად, გარკვეული საარჩევნო უბნები უნდა დაემატოს.
„ახლა ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან ფატობრივად კარდაკარი და ტრადიციული საარჩევნო კამპანია გაჭირდება. ამ ვითარებაში საარჩევნო რეკლამა არის მოსამატებელი და აუცილებელია, რომ არა მხოლოდ საარჩევნო დროს იყოს. მესამე, აუცილებელია, შევცვალოთ ის წესი, რომ უნდა დაემატოს გარკვეული საარჩევნო უბნები, რადგან პანდემიის პირობებში დისტანციაა დასაცავი. დიდი საარჩევნო უბნები არის გასაყოფი. ქვეყნის მასშტაბით ალბათ დასამატებელია 500-მდე უბანი.
ეს არის განსაკუთრებით აქტუალური საკითხები, რადგან ყველას თვალწინ უდგას ის კადრები, როდესაც ამომრჩეველი მიდის საარჩევნო უბანზე, მასზე ახორციელებენ ზეწოლას, ხდება ჩაწერა, ვინ მოდის არჩევნებზე, შემდეგ ადმინისტრაციული რესურსი – ძველი ბიჭები და კრიმინალები ახორციელებენ ზეწოლას და ამის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა გარკვეული სივრცე და რადიუსი იყოს, რომელთან მიახლოებაც არჩევნების დროს არ იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა რატიანმა.
რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებას, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილების განხილვაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, რატიანი ამბობს, რომ ისეთივე რეჟიმში არიან, როგორც აქამდე.
„ჩვენ ისეთივე რეჟიმში ვართ, როგორც აქამდე ვიყავით, ეს გულისხმობს იმას, რომ 8 მარტის შეთანხმება, რომელიც მეტწილად მიღწეულია, მაგრამ ბოლო შეთანხმება, რომ პოლიტპატიმარი გიორგი რურუა უნდა იყოს გამოშვებული, არ არის შესრულებელი, შესაბამისად, ჩვენ კომუნიკაციას გავაგრძელებთ და პოლიტიკური განცხადებებით გვექნება ჩვენი აზრი, თუ რა არის შესაცვლელი, მაგრამ ვრჩებით იგივე რეჟიმში.
ჩვენ პარლამენტში არ შევალთ, სანამ არ შესრულდება მთლიანად მოთხოვნები. პარტნიორების მოწოდება არის, რომ ჩვენ ვუზრუნველყოთ ცვლილება, ჩვენ გუშინ უკვე უზრუნველვყავით ცვლილება მიუხედავად იმისა, რომ არ ვიყავით დარბაზში“, – განაცხადა სერგო რატიანმა.