სერგო რატიანი - გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის მეორედ დანიშვნა საზოგადოების შეურაცხყოფაა
სერგო რატიანი - გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის მეორედ დანიშვნა საზოგადოების შეურაცხყოფაა

ირაკლი შოთაძე არის დამნაშავე, რომელმაც ბევრ საქმეში გამოიჩინა თავი, როგორც პოლიტიკურმა მდევარმა, როცა პროკურორი იყო, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა განაცხადა.

როგორც რატიანი ამბობს, იურიდიული კომიტეტის ხვალინდელ სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის მოსმენა იგეგმება, შესვლას არ აპირებენ და ბოიკოტის რეჟიმს განაგრძობენ.

„ხორავას ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით ის არის დამნაშავე, როდესაც ხელს აფარებდა მკვლელებს და შემდეგ დამნაშავე პროკურორებს. მისი მეორედ დანიშვნა არის შეურაცხყოფა საზოგადოებისა, რომელმაც გადააყენა ის. ჩვენ ვრჩებით პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში. ხვალ კომიტეტზე შესვლას არ ვაპირებთ, გავაპროტესტებთ დანიშვნას. პარალელურად, ამ მოვლენასთან დაკავშირებით, რასაკვირველია, იგეგმება აქციები“,- განაცხადა სერგო რატიანმა.

იურიდიული კომიტეტის ხვალინდელ სხდომაზე პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა და კომიტეტის სხდომაზე მოსმენა იგეგმება.

საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე 7 თებერვალს შეარჩია.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შოთაძის მოსმენის შემდეგ, კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე გაიმართება. თანამდებობაზე ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ექვსი წლის ვადით ირჩევს.