ევროპის ყველაზე აქტიური ვულკანი ზღვაში იძირება, შედეგი შესაძლოა, გამანადგურებელი იყოს
ევროპის ყველაზე აქტიური ვულკანი ზღვაში იძირება, შედეგი შესაძლოა, გამანადგურებელი იყოს

ფიზიკის კანონებისგან თავის არიდება ბუნების ყველაზე საზარელ ძალებსაც კი არ შეუძლიათ: ეტნას მთის ცეცხლოვანი ღუმელი ნელ-ნელა, მდგრადი მაჩვენებლით, ხმელთაშუა ზღვაში ცურდება. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

ვულკან ეტნას, როგორც ერთი მთლიანობის მოძრაობას, მეცნიერები პირველად დააკვირდნენ. ამისთვის გამოიყენეს მთის ფერდობებზე განლაგებული 100 GPS სადგურის მიერ 11 წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემები.

მეცნიერთა თქმით, მართალია მოძრაობა ნელია, მაგრამ ბოლო დროს ის შეუჩერებელი გახდა. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ვულკანის ჩაძირვასთან ერთად, დამატებითი საფრთხის წინაშე დგება სიცილიის მიმდებარე ზონა.


„დიდი ხნის წინ ჩამქრალ ვულკანთა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ გზით დაბლა ჩამავალი კალთების ისტორია სრულდება კატასტროფული მეწყერებით. მუდმივმა მოძრაობამ შესაძლოა გამოიწვიოს დიდი მეწყერები ეტნას სანაპიროზე, რაც თავის მხრივ, მიმდებარე ზონებში წარმოქმნის გამანადგურებელ ცუნამის“, — ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, გაერთიანებული სამეფოს ღია უნივერსიტეტის წარმომადგენელი ჯონ მიურეი.

მისი თქმით, გამუდმებული მოძრაობა პრობლემებს უქმნის ვულკანოლოგებსაც. განსაკუთრებით რთულდება შემდეგი ამოფრქვევისა და მაგმის მსვლელობის მიმართულების პროგნოზირება.

სხვადასხვა მასშტაბისა და ტიპის ამოფრქვევები ეტნას მთაზე ყოველ რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხდება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერებს ზუსტი მონაცემები ჰქონდეთ მოსალოდნელ ამოფრქვევათა შესახებ.

მკვლევართა თქმით, უცაბედი შეშფოთების მიზეზი არ არსებობს და აუცილებელია ეტნას დეტალური კვლევა გაგრძელდეს, რათა გავიგოთ, რამდენად რეალურად არის მოსალოდნელი ამოფრქვევები, მეწყერები ან ცუნამები.

როგორც კვლევები აჩვენებს, ვულკანი აღმოსავლეთი-სამხრეთი-აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობს, ჩადის 1-3 გრადუსით დაბლა. ასე ნელ-ნელა, ეტნა გადაადგილდება სანაპირო ქალაქ ჯიარესკენ, რომელიც მისგან 15 კილომეტრითაა დაშორებული.


რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები? ამის გასარკვევად, ველზე შეგროვებული მონაცემების გარდა, მკვლევრებმა ასევე გამოიყენეს ლაბორატორიაში შექმნილი ვულკანის საძირკვლის სიმულაცია.

გამომდინარე იქიდან, რომ ეტნა წელიწადში 14 მილიმეტრით გადაადგილდება, ჯიარეს მოსახლეობას სულაც არ სჭირდება ჩემოდნების სასწრაფოდ ჩალაგება, მაგრამ საფრთხე მდგომარეობს იმაში, რომ მცირე მოძრაობაც კი წარმოქმნის სტრესსა და დაჭიმულობას, რასაც ლანდშაფტში დიდი ცვლილებათა გამოწვევა შეუძლია.

როგორც მიურეიმ BBC-ს განუცხადა, თუკი უახლოეს 10 წელიწადში მოძრაობის მაჩვენებელი გაორმაგდება, ეს უკვე საგანგაშო იქნება.

საქმე მხოლოდ ეტნას მთას როდის ეხება, მიურეის და მისი ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევა გამოსადეგია მსოფლიოს სხვა ვულკანთა შესასწავლად.

მკვლევართა აზრით, კონკეტულად ამ შემთხვევაში, ეტნას მთის ქვეშ არსებული სუსტი დანალექი ქანები ერთგვარი საპოხის როლს ასრულებს და იწვევს 3329-მეტრიანი ვულკანის გადაადგილებას. საბოლოოდ, ეს პროცესი შეიძლება დასრულდეს კალთების მსხვილმასშტაბიანი კოლაფსით, მაგრამ ჯგუფი კიდევ ერთხელ აფრთხილებს საზოგადოებას, რომ არ არსებობს პანიკის მიზეზი.

იმის გამო, რომ ეტნას საკმაოდ რეგულარული ამოფრქვევები ახასიათებს, ძნელია პროგნოზირება, როგორ განვითარდება მის ირგვლივ მოვლენები მომავალში.

„ეტნას მიდამოებში დაახლოებით მილიონი ადამიანი ცხოვრობს, შესაბამისად, ვულკანზე მომხდარ რაიმე დრამატულ ცვლილებას შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე, ასეთი არაფერია მოსალოდნელი“, — უთხრა მიურეიმ The Telegraph-ს.

კვლვა ჟურნალ Bulletin of Volcanology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Telegraph-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით