„ევროპის წამლის სააგენტომ „მოდერნას“ წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებაზე რეკომენდაცია გასცა
„ევროპის წამლის სააგენტომ „მოდერნას“ წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებაზე რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ ინფორმაცია „ევროპის წამლის სააგენტოს“ ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, „მოდერნას“ ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია 18 წელს ზემოთ ადამიანებისთვის არის გაცემული. ეს მეორე ვაქცინაა, რომელიც წამლის სააგენტომ ევროკავშირის ქვეყნებისთვის დაამტკიცა. სააგენტომ ვაქცინის ხარისხი, უსაფრთხოება და ეფექტურობა შეაფასა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ფართომასშტაბიანმა კლინიკურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ „მოდერნას“ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ეფექტურია. ვაქცინის კლინიკურ კვლევაში დაახლოებით 30 000 ადამიანი მონაწილეობდა. „მოდერნას“ ვაქცინის ორი დოზა ადამიანებს 28 დღიანი შუალედით გაუკეთდებათ.
მას შემდეგ, რაც ევროკომისია „მოდერნას“ ვაქცინას დაამტკიცებს, ის „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ შემდეგ მეორე ვაქცინა გახდება, რომელსაც ევროკავშირი პანდემიასთან ბრძოლაში გამოიყენებს.