ევროპის თავზე გამოჩენილი იდუმალი რადიოაქტიური ღრუბელი რუსეთის ბირთვული ობიექტიდან არის წამოსული - ახალი კვლევა
ევროპის თავზე გამოჩენილი იდუმალი რადიოაქტიური ღრუბელი რუსეთის ბირთვული ობიექტიდან არის წამოსული - ახალი კვლევა

2017 წელს ევროპას რადიოაქტიური ნაწილაკების ღრუბელმა გადაუარა. მისი წარმომავლობა ამ დრომდე იდუმალებით იყო მოცული, მაგრამ როგორც ჩანს, მისი წყარო უკვე ნაპოვნია.

რადიოაქტიურ იზოტოპ რუთენიუმ-106-ის კონცენატრაცია ატმოსფეროს ზედა ნაწილებში მეცნიერებმა 2017 წლის ოქტომბერში დააფიქსირეს, თუმცა, გაურკვეველი რჩებოდა, საიდან მოდიოდა ეს რადიაციული ტალღა.

ამ დროისთვის არსებობდა ვარაუდი, რომ რუთენიუმ-106-ის გაჟონვა რუსეთის რომელიღაც ბირთვულ ობიექტზე მომხდარი ავარიის შედეგი იყო, რასაც რუსეთის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფდა.

ახალი კვლევის შედეგად, კვალი კვლავ რუსეთამდე მივიდა. კვლევა 70 მეცნიერისგან შემდგარმა საერთაშორისო ჯგუფმა ჩაატარა, რომელსაც საფრანგეთის IRSN-ის ინსტიტუტის რადიოზოტოპური მკვლევარი ოლივერ მესონი ხელმძღვანელობდა.

როგორც კვლევაში წერია, ჰაერში არსებული კონცენტრაციის გავრცელებიდან და ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე ირკვევა, რომ ამ ნივთიერებათა გაჟონვა რუსეთის ფედერაციაში, ურალის რეგიონის სამხრეთ ნაწილში უნდა მომხდარიყო.

ჯგუფის შეფასება ინციდენტის შესახებ ყოვლისმომცველია, რადგან მესონმა და მისმა ჯგუფმა შეისწავლეს რადიოაქტიური ღრუბლის შესახებ აღებული 1300 ჩანაწერი, რომელიც 176-მა გამზომმა სადგურმა ჩაიწერა 30 ქვეყანაში.

მართალია, ჰაერში არსებული რადიოაქტიური ნივთიერება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ იყო, მაგრამ უდავოდ წარმოადგენდა რადიოაქტიურ ნივთიერებათა ყველაზე სერიოზულ გაჟონვას 2011 წელს ფუკუშიმას რეაქტორზე მომხდარი ავარიის შემდეგ. ღრუბელში ჰაერის ყოველ კუბურ მეტრში იზოტოპის ოდენობა 176 მილიბეკერელი იყო.

რადიაციის დაფიქსირებიდან მალევე, რუსეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ რადიაციის ტალღის გამომწვევი მიზეზი შეიძლება, ჩამოვარდნილი თანამგზავრი ყოფილიყო; რუსების ამტკიცებდნენ, რომ იზოტოპი ხომალდის ბატარეებიდან უნდა გამოყოფილიყო ატმოსფეროში შემოჭრისას.

თუმცა, ახალი ანალიზები სულ სხვა რამეზე მეტყველებს.

„გაზომვები მიუთითებს რადიოაქტიურობის ერთ მსხვილ გაჟონვაზე სამოქალაქო გადამამუშავებელი საწარმოდან“, — ამბობს ჰანოვერის უნივერსიტეტის რადიოეკოლოგი ჯორჯ შტაინჰაუზერი.

გარდა ამისა, ინციდენტის პერიოდში ჰაერის მასების გადაადგილების მოდელირება მიუთითებს, რო რადიაციის გაჟონვა უნდა მომხდარიყო ურალის რეგიონის სამხრეთ ნაწილში მდებარე მაიაკის ბირთვული კომპლექსიდან.

დასკვნა სრულებით ემთხვევა 2017 წლის ნოემბერში გაჩენილ ეჭვებს. რუსეთის სახელმწიფო ბირთვული კორპორაცია „როსტომი“ მაშინ დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ქარხნის მიდამოებში ნიადაგიდან აღებული ნიმუშები მაიაკის ქარხნიდან რაიმე გაჟონვას გამორიცხავდა. რუსები აღნიშნავდნენ, რომ თუ რუთენიუმ-106 მართლაც ამ საწარმოდან იყო გაჟონილი, ამ იზოტოპის დონე იქ ათასობით მაღალი უნდა ყოფილიყო.

ახალი კვლევა რუსეთის ამ მტკიცებას ეჭვქვეშ აყენებს. მკვლევართა ჯგუფის აზრით, ინციდენტი მაიაკის საწარმოში მაშინ უნდა მომხდარიყო, როცა მეცნიერები იქ იზოტოპ ცერიუმ-144-ის მიღებას ცდილობდნენ, რომელიც შემდეგ იტალიის გრან-სასოს ეროვნულ ლაბორატორიაში ნეიტრინოების ექსპერიმენტებში უნდა გამოეყენებინათ.

შტაინჰაუზერის განცხადებით, დადგინდა, რომ ინციდენტი მოხდა მაშინ, როცა საწვავი ელემენტების გადამუშავების პროცესი ფინალურ სტადიაზე იყო, ჯაჭვური პროცესის დასრულებამდე ცოტათი ადრე.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს, ძალიან კარგად ვიცით, რა შეიძლება მომხდარიყო ქარხანაში“, — ამბობს შტაინჰაუზერი.

თუ მკვლევართა მოდელირება მართალია, ავარია 2017 წლის სექტემბრის ბოლოს უნდა მომხდარიყო, 25 ან 26 რიცხვში. აღსანიშნავია, რომ 60 წლით ადრე, სექტემბრის ზუსტად ამ რიცხვებში მოხდა ამავე ქარხნის ისტორიაში ყველაზე საზარელი ბირთვული კატასტროფა — ხიშტიმის ავარია, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში მესამე ყველაზე სერიოზულ ბირთვულ ავარიად არის შეფასებული.

მიუხედავად იმისა, რომ ახალ კვლევას გადაჭრით არ ძალუძს იმის დამტკიცება, რომ რადიოაქტიურმა ჭავლმა მართლაც მაიაკის ქარხნიდან გაჟონა, ამავეს მეტყველებს სხვა მტკიცებულებებიც.

ნეიტრინოების კვლევის ექსპერიმენტი, სახელად SOX, რომელიც იტალიაში უნდა ჩატარებულიყო, მხოლოდ მას შემდეგ გაუქმდა, რაც 2017 წლის ბოლოს ევროპის თავზე რადიოაქტიური ღრუბელი გამოჩნდა. ჩაშლის ოფიციალურ მიზეზად ექსპერიმენტისთვის საჭირო ცერიუმ-144-ის ვერმიღება დასახელდა.

ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის ნეიტრინოების ფიზიკოსის, ჯონათან ლინკის განცხადებით, რომელიც SOX-ის ექსპერიმენტში იყო ჩართული და იზოტოპს ელოდებოდა, ევროპის თავზე რადიოაქტიური ღრუბლის გამოჩენისთანავე, მისთვის უკვე ყველაფერი ნათელი იყო.

„ვეჭვობდი, რომ უკვე ვიცოდი, რაც მოხდა“, — განუცხადა მან Science News-ს.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Science News-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.