რა არის რადიაცია — საფრთხეები, სარგებელი, მითები და სინამდვილე #1tvმეცნიერება
რა არის რადიაცია — საფრთხეები, სარგებელი, მითები და სინამდვილე #1tvმეცნიერება

სიტყვა „რადიაციის“ უბრალოდ ხსენებაც კი, ხშირად ადამიანებში შიშს იწვევს. არის თუ არა ჩვენ გარშემო თითქმის ყველაფერი, საკვებიც კი რადიოაქტიური? შეიძლება ისიც გაგიგიათ, რომ ბანანი მსუბუქად რადიოაქტიურია, მაგრამ ასეა სინამდვილეში? არის თუ არა ადამიანის სხეულიც რადიოაქტიური?

რა არის რადიაცია?

რადიაცია არის ენერგია, რომელიც ერთი წერტილიდან მეორეში გადაადგილდება, ან ტალღების, ან ნაწილაკების სახით. ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით სხვადასხვა ბუნებრივი თუ ხელოვნური წყაროს რადიაციის ქვეშ.

კოსმოსური რადიაცია მზისგან და გარე კოსმოსიდან, კლდეების და ნიადაგის რადიაცია, ასევე ჰაერის, საკვებისა და წყლის რადიოაქტიურობა — ეს ყველაფერი ბუნებრივი რადიაციის წყაროა.

ბანანი ბუნებრივი რადიაციის წყაროს ჩვეულებრივი მაგალითია. შეიცავს მაღალი ოდენობით კალიუმს, რომლის მცირე ოდენობა რადიოაქტიურია. თუმცა, სულ არ არის საჭირო ბანანზე უარის თქმა — მისი რადიაციის რაოდენობა უკიდურესად მცირეა, გაცილებით ნაკლები, ვიდრე ბუნებრივი „ფონური რადიაცია“, რომლის ქვეშაც ყოველდღე ვექცევით.

რადიაციის ხელოვნურ წყაროებს შორის არის სამედიცინო სამკურნალო საშუალებები და რენტგენული სხივები, მობილური ტელეფონები და ელექტროგადამცემი ხაზები. გავრცელებულია მცდარი წარმოდგენა, რომ რადიაციის ხელოვნური წყაროები გაცილებით სახიფათოა, ვიდრე ბუნებრივი რადიაცია. თუმცა, ეს სიმართლე არ არის.

არ არსებობს ფიზიკური თვისებები, რომლებიც ხელოვნურ რადიაციას განსხვავებულს ან უფრო სახიფათოს გახდის, ვიდრე ბუნებრივ რადიაციას. საზიანო ეფექტები დაკავშირებულია დოზაზე და არა იმაზე, თუ საიდან მოდის გამოსხივება.

რა განსხვავებაა რადიაციასა და რადიოაქტიურობას შორის?

სიტყვები, „რადიაცია“ და „რადიოაქტიურობა“ ხშირად ერთმანეთის ნაცვლად გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ერთმანეთთან დაკავშირებულია, ისინი არც ისე ერთი და იგივე რამეა.

რადიოაქტიურობა აღნიშნავს არასტაბილურ ატომს, რომელიც რადიოაქტიურ დაშლას განიცდის. ენერგია რადიაციის სახით გამოიყოფა, როდესაც ატომი ცდილობს მიაღწიოს სტაბილურობას, ანუ გახდეს არარაიოაქტიური.

მასალის რადიოაქტიურობა აღწერს მისი დაშლის მაჩვენებელს და პროცესებს, რომლებიც მას შლის. შესაბამისად, რადიოაქტიურობა შეიძლება მივიჩნიოთ პროცესად, რომლითაც ელემენტები და მასალები სტაბილურობის მიღწევას ცდილობენ, რადიაცია კი არის ამ პროცესის შედეგად გამოყოფილი ენერგია.

მაიონიზებელი და არამაიონიზებელი რადიაცია

ენერგიის დონის მიხედვით, რადიაცია ორ ტიპად კლასიფიცირდება.

მაიონიზებელ რადიაციას საკმარისი ენერგია აქვს, რათა ატომიდან ელექტრონი ამოაგდოს, რაც მასალის ქიმიური შემადგენლობას ცვლის. მაიონიზებელ რადიაციის მაგალითებია რენტგენის სხივები და რადონი (რადიოაქტიური აირი, რომელიც ქანებსა და ნიადაგში გვხვდება).

არამაიონიზებელ რადიაციას ნაკლები ენერგია აქვს, მაგრამ მაინც შეუძლია აღაგზნოს მოლეკულები და ატომები, რაც მათ სწრაფად ვიბრირებას იწვევს. არამაიონიზებელი რადიაციის გავრცელებული წყაროებია მობილური ტელეფონები, ელექტროგადამცემი სადენები, მზის ულტრაიისფერი სხივები (UV).

არის თუ არა ყველა რადიაცია სახიფათო

რადიაცია ყოველთვის სახიფათო არ არის — ეს დამოკიდებულია მის ტიპზე, სიძლიერეზე და გამოსხივების ხანგრძლივობაზე.

როგორც ზოგადი წესი, რაც უფრო მაღალია რადიაციის ენერგიის დონე, მით მეტია ალბათობა, რომ ის საზიანო იყოს. მაგალითად, ცნობილია, რომ ბუნებაში არსებული აირის, რადონისგან მაიონიზებელი რადიაციის ზედმეტი დოზით მიღებას შეუძლია დააზიანოს ადამიანის ქსოვილები და დნმ.

ასევე ცნობილია, რომ არამაიონიზებელი რადიაცია, როგორიც არის მაგალითად, მზის ულტრაიისფერი სხივები, შეიძლება საზიანო იყოს, თუკი ადამიანი მის საკმაოდ მაღალ დოზას მიიღებს, რაც ჯანმრთელობაზე ისეთ გვერდით ეფექტებს იწვევს, როგორიცაა დამწვრობა, კიბო ან სიბრმავე.

ვინაიდან ეს საფრთხეები კარგად არის ცნობილი და აღქმული, შესაძლებელია მათგან დაცვა. საერთაშორისო და ეროვნული ორგანოები ადგენენ სახელმძღვანელოებს, რათა უზრუნველყონ საზოგადოებისა და გარემოს უსაფრთხოება და რადიაციისგან დაცვა.

მაიონიზებელი რადიაციის შემთხვევაში, ეს ნიშნავს იმას, რომ ბუნებრივი ფონური რადიაციის დოზის მაღლა, რადიაცია შენარჩუნდეს რაც შეიძლება დაბალ ნიშნულზე, მაგალითად, სამედიცინო ვიზუალიზაცია გამოყენებულ იქნას მხოლოდ სხეულის საჭირო ნაწილზე, დაბალი დოზით, შეინახონ სურათების ასლები, რათა თავიდან ავიცილოთ განმეორებითი კვლევები.

არამაიონიზებელი რადიაციის შემთხვევაში, ეს ნიშნავს დასხივების შენარჩუნებას უსაფრთხოების საზღვრებს დაბლა. მაგალითად, სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობა რადიოსიხშირის არამაიონიზებელ რადიაციას იყენებს და უნდა ოპერირებდეს უსაფრთხოების ამ ზღვრებში.

გარდა ამისა, მზის ულტრაიისფერი რადიაციის შემთხვევაში, ვიცით, როგორ დავიცვათ თავი გამოსხივებისგან დამცავი კრემებისა და ტანსაცმლის გამოყენებით, როდესაც გამოსხივების დონე UV ინდექსში 3-ს მიაღწევს.

რადიაცია მედიცინაში

მიუხედავად იმისა, რომ რადიაციით დასხივებისას რისკები აშკარაა, ასევე მნიშვნელოვანია მისი სარგებლის აღიარება. ამის ერთი გავრცელებული მაგალითია რადიაციის გამოყენება თანამედროვე მედიცინაში.

სამედიცინო ვიზუალიზაცია იყენებს მაიონიზებელი რადიაციის მეთოდებს, მაგალითად, რენტგენულ სხივებს და კომპიუტერულ ტომოგრაფიას; ასევე იყენებს არამაიონიზებელი რადიაციის მეთოდებს, მაგალითად, ულტრაბგერას და მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას (MRI).

ამ ტიპის სამედიცინო ვიზუალიზაციებით ექიმები ხედავენ, რა ხდება სხეულში და ხშირად განაპირობებს ადრეულ და ნაკლებად ინვაზიურ დიაგნოზს. სამედიცინო ვიზუალიზაცია ასევე შეიძლება დაგვეხმაროს სეროზული დაავადების თავიდან აცილებაში.

რადიაციით შესაძლებელია გარკვეულ დაავადებათა მკურნალობაც — შეუძლია მოკლას სიმსივნური ქსოვილები, ზომაში შეამციროს სიმსივნე ან შეამსუბუქოს ტკივილი.

მაშ, არის თუ არა ჩვენი სხეულიც რადიაციული? პასუხი არის დიახ, ისევე როგორც ყველაფერი ჩვენ გარშემო, ჩვენც ცოტათი რადიოაქტიურები ვართ. თუმცა, სულაც არ გვაქვს მიზეზი, რომ ამაზე ვწუხდეთ.

ჩვენი სხეული ისეა მოწყობილი, რომ გაუძლოს მცირე ოდენობით რადიაციას; სწორედ ამიტომ არ წარმოადგენს საფრთხეს რადიაციის ის დონე, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიღებთ.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.