ევროპის საბჭომ ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა
ევროპის საბჭომ ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა

ევროპის საბჭოს კვლევის მიხედვით, საქართველოში სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სიძულვილის ენის გამოყენება და დისკრიმინაცია კვლავ პრობლემად რჩება.

კვლევა 2018 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდს მოიცავს და ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად, მოსახლეობის 56% მიიჩნევს, რომ მრავალფეროვნება ქვეყნისთვის დადებითი მოვლენაა, 36 % კი მრავალფეროვნებას უარყოფით ფაქტად მიიჩნევს.

მკვლევრების ანალიზით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და სიძულვილის ენა ყველაზე ხშირად ლგბტ საზოგადოების მიმართ ვლინდება. ამასთან, იმავე პრობლემის წინაშე არიან მიგრანტები და იეჰოვას მოწმეებიც.

„კვლევა ასახავს უმცირესობების, დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და ამ მოტივით ჩადენილი დანაშაულებების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას. დოკუმენტი ავლენს, რა ინფორმაცია აქვთ ადამიანებს ამ საკითხზე. დღევანდელი სურათი არც კარგია და არც ცუდი, ეს უბრალოდ სურათია, რასაც ქართულ საზოგადოებაში ვაწყდებით. მაგალითად, მოქალაქეების ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ მრავალფეროვნება კარგია საზოგადოებისთვის. მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ ზოგი ელემენტი მათთვის უფრო მეტად ან ნაკლებად მისაღებია, ვიდრე სხვა დანარჩენი – მაგალითად, როცა საქმე ეხება რელიგიურ, ეთნიკურ უმცირესობებსა და ლგბტ საზოგადოებას. ჩვენ მიერ მიღებული სურათი გაგვიწევს გიდობას სამომავლოდ, რომ ვებრძოლოთ დისკრიმინაციას. იმედია, რამდენიმე წელში უკეთეს შედეგს ვიხილავთ“, – აცხადებს ევროპის საბჭოს ქართული ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე.

ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის მხოლოდ 47% მიიჩნევს, რომ უმცირესობებს საპროტესტო აქციების გამართვის უფლება აქვთ. 53 % ფიქრობს, რომ უმცირესობებს თანამდებობების დაკავების უფლება აქვთ. მკვლევარებმა 2205 ადამიანი გამოკითხეს.

კვლევის მიხედვით, პოლიციისა და პროკურატურის მიმართ ნდობა მოწყვლად ჯგუფებში ნაკლებია.

რეკომენდაციის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატმა საზოგადოების ინფორმირებულობის მიმართულებით მეტი უნდა იმუშაოს.