ევროპის ქვეყნები თავშესაფრის მაძიებელთა გადაადგილების აღსაკვეთად, რკინიგზის სადგურებში შემოწმების გამკაცრებას აპირებენ
ევროპის ქვეყნები სარკინიგზო და ავტოსადგურებში შემოწმებების გამკაცრებას გეგმავენ, რათა ევროკავშირის შიგნით, თავშესაფრის მაძიებელთა თავისუფალი გადაადგილება შეზღუდონ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, აღნიშნულ ინიციატივას 10 ევროპული ქვეყანა 24 ივნისს, არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილავს.
გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung წერს, რომ შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს ჯარიმებს თავშესაფრის მაძიებლებისთვის, რომლებიც არ დარჩნენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, სადაც თავდაპირველად დარეგისტრირდნენ. ამავე დროს, იგეგმება ევროკავშირის სასაზღვრო კონტროლის სააგენტოს Frontex-ის გაძლიერება და თავშესაფრის მაძიებელთა ერთობლივი ევროპული სააგენტოს შექმნა.
ბრიუსელში 28-29 ივნისს ევროკავშირის სამიტი გაიმართება. სააგენტო Reuters-ის ცნობით, შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ე.წ. „განტვირთვის რეგიონული პლატფორმების“ შექმნის საკითხს განიხილავენ. ევროკავშირის ფარგლებს გარეთ იგეგმება მიგრანტთა ცენტრების შექმნა, სადაც თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადის განხილვა თავშესაფრის მაძიებლის ევროპაში ჩასვლამდე მოხდება.შესაბამისი ცენტრები შესაძლოა, ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში განთავსდეს.