ევროპის მაუწყებელთა კავშირმა საუკეთესოთა შორის პირველი არხის პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ დაასახელა
ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) გამოაქვეყნა 2018 წლის ანგარიში, სახელწოდებით „50 გზა გაუმჯობესებისკენ“.
ანგარიშში საუბარია ეროვნული მაუწყებლების ახალი ამბების რედაქციის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მოცემულია 25 რეკომენდაცია საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად. ამასთან, დოკუმენტში დასახელებულია 24 ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის 50 საუკეთესო მაგალითი, რომლებიც, ანგარიშის ავტორთა აზრით, ხელს უწყობს საზოგადოების ჩართულობისა და ნდობის გაძლიერებას. მაგალითებს შორის ერთ-ერთია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“. 108-გვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ პროექტ „მრავალფეროვანი საქართველოს“ დახმარებით, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა დიდი ინვესტიცია ჩადო ქვეყნის სომხური და აზერბაიჯანული აუდიტორიისთვის კონტენტის მისაწოდებლად. ავტორები აღნიშნავენ, რომ აზერბაიჯანული და სომხური ეთნიკური უმცირესობები საქართველოს 3,7-მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 15 პროცენტს შეადგენენ. კონკრეტულ რეგიონებში დასახლებული მოხუცები ძირითადად მხოლოდ აზერბაიჯანულ, სომხურ ან რუსულ ენებზე საუბრობენ. ქართული ენის ცოდნის ნაკლებობის გამო, ეს ჯგუფები დიდწილად იზოლირებული არიან ქვეყნის დანარჩენი ნაწილისგან.
„ჩვენ გულწრფელად გვინდა ამ ადამიანების შესაძლებლობების გაფართოება, ვინაიდან ისინი ვერ საუბრობენ ქართულად. ისინი იგებენ მხოლოდ ინფორმაციას მათი რეგიონიდან. თუმცა, მათ უნდა გაიგონ ის სიახლეებიც, რაც ქვეყნის დანარჩენ ნაწილში ხდება, განსაკუთრებით, რაც სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს ეხება“, – განაცხადა ედინბურგში ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების ასამბლეაზე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ.
პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ 2018 წლის ზაფხულში დაიწყო. პირველი არხის მიზანია, ამ პროექტით უზრუნველყოს ინფორმაციის მიწოდება ეთნიკური უმცირესობებისთვის და ამგვარად ხელი შეუწყოს მათი ინტეგრაციის პროცესსა და სამოქალაქო თვითშეგნების ზრდას.
„როდესაც ვერ საუბრობ სახელმწიფო ენაზე, რთულია, იყო ჩართული ეროვნულ სიახლეებში და მონაწილეობა მიიღო დემოკრატიულ პროცესში. ზოგჯერ ამას პოლიტიკოსები იყენებენ. 2018 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენ გვსურდა, ადამიანებს შეძლებოდათ, გაეკეთებინათ საკუთარი ინფორმირებული არჩევანი“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.
ევროპის მაუწყებელთა კავშირის ანგარიშში ნათქვამია, რომ პროექტი მოიცავს 12-საათიან რადიო და ტელემაუწყებლობას ინტერნეტში, მათ შორის კულტურულ და გასართობ პროგრამებს, ასევე ახალ ამბებს.
ვებგვერდი 1tv.ge თარგმნის კონტენტს ექვს ენაზე, მათ შორის რუსულად და ინგლისურად. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“ ითარგმნება აზერბაიჯანულად და სომხურად. სინქრონულად ითარგმნებოდა ასევე ყველა საარჩევნო დებატი. აღნიშნული პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანია აზერბაიჯანული და სომხური ენების დაცვა და შენარჩუნება.
ევროპის მაუწყებელთა კავშირის ანგარიშის ავტორები დასკვნის სახით აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში, სადაც ბევრი ეთნიკური უმცირესობაა, მრავალფეროვნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა ადამიანმა შეძლოს დემოკრატიაში მონაწილეობა. „მრავალფეროვნების გაძლიერება და შენარჩუნება არის პოზიტიური მიდგომა, რომელიც ინიციატივის მხარდაჭერის მოპოვებაში დაგეხმარება“, – აცხადებენ ანგარიშის ავტორები.
პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ედინბურგში, ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების ასამბლეაზე 2018 წლის ნოემბერში წარადგინა.