ევროპის მაუწყებელთა კავშირმა ახალი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი აირჩია
ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ახალ პრეზიდენტად BBC-ის გენერალური დირექტორი, ტონი ჰოლი, ვიც-ეპრეზიდენტად კი France.tv-ის გენერალური დირექტორი, დელფინ ერნოტი აირჩიეს.
არჩევნები EBU-ს მე-80 გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. ახალი ხელმძღვანელები ორგანიზაციამ ორი წლის მანდატით აირჩია, ისინი მოვალეობის შესრულებას 2019 წლის 1-ელი იანვრიდან შეუდგებიან და EBU-ს აღმასრულებელ საბჭოს უხელმძღვანელებენ.
ტონი ჰოლი BBC-ში 1973 წლიდან მუშაობს. 28-წლიანი კარიერის განმავლობაში დასაქმებული იყო სხვადასხვა პოზიციაზე, 2013 წლიდან კი გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებს.
„მოხარული ვარ, რომ EBU-ს პრეზიდენტად ამირჩიეს. ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს საამაყო ისტორია, როგორც ევროპის ფარგლებში, ასევე გლობალურად, მაუწყებლობის სტანდარტების გაუმჯობესების, ახალი ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვის მიმართულებით“, – განაცხადა ტონი ჰოლმა.
მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლობა არასოდეს ყოფილა ისეთი საჭირო, როგორიც ახლა და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს არა მხოლოდ მიუკერძოებელი ინფორმაციის გავრცელებით, არამედ იმ გადაცემების მომზადებით, რომელიც ასახავს საზოგადოების ცხოვრებასა და მისწრაფებებს.
„თუმცა გლობალიზაციის ეპოქაში საზოგადოებრივი მაუწყებლობა რიგი გამოწვევების წინაშეა, რაც გულისხმობს ყურების ჩვევის ცვლილებასა და ინფორმაციის მიღების გზების შეცვლას. როგორ ადაპტირდება და იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლობა, ამ საკითხებზე, ჩემი აზრით, შეგვიძლია, ერთად ვიმუშაოთ მათთვის, ვისაც ვემსახურებით“, – აცხადებს ჰოლი.
დელფინ ერნოტი France.tv-ს გენერალური დირექტორის თანამდებობას 2015 წლიდან იკავებს. მანამდე 26 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა Orange S.A.-ში (რომელიც France Télécom-ის სახელით არის ცნობილი), 2011-2015 წლებში იყო აღნიშნული კომპანიის გენერალური დირექტორი.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევუერთდი და გავაძლიერებ გრძელვადიან და მნიშვნელოვან თანამშრომლობას France Télévisions-ისა და მის ევროპელ კოლეგებს შორის. გარდა დამოუკიდებლობისა და ღირებულებების დაცვისა, ჩვენი სამომავლო გამოწვევა ჩვენი წევრების თანამშრომლობის და სოლიდარობის გაძლიერებაა“, – განაცხადა ერნოტმა.
მისი თქმით, კოლექტიური მიდგომით შესაძლებელი იქნება, აუდიტორიის მოსაზიდად პირობები შეიქმნას.
„დარწმუნებული ვარ, რომ კოლექტიური მიდგომით შევძლებთ მივიღოთ გამოწვევები და შევქმნათ პირობები აუდიტორიის მოსაზიდად. ეს არის ის რწმენა, რომელმაც შემაძლებინა დამეცვა საზოგადოებრივი მაუწყებლობა საფრანგეთში. იგივე რწმენა გამიძღვება მთელი ევროპის მასშტაბით, იმ მანდატის განმავლობაში, რომელიც EBU-ს წევრებმა მომანიჭეს“, – განაცხადა ერნოტმა.
გენერალური ასამბლეა ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ გახსნა. ასამბლეაში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე და მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორი ,თინათინ ბერძენიშვილი მონაწილეობენ.
პირველი არხის მედიის და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მედიაკომიტეტის წევრად აირჩიეს.
მან თავის გამოსვლაში მაუწყებელთა კავშირის როლზე, მის ღირებულებებზე, საზოგადოებრივი მაუწყებლობის გამოწვევებზე რეგიონში, საკანონმდებლო საკითხებზე, მათ შორის, მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებსა და გაყიდვების სტრატეგიაზე ისაუბრა.
აღნიშნული მედიაკომიტეტი 73 ქვეყნის 100-ზე მეტ მაუწყებელთან ახალი მედიაკონტენტის შემუშავებისა და დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობს.
მედიაკომიტეტის წევრად თინათინ ბერძენიშვილის კანდიდატურა EBU-ს მედიადირექტორმა, ჟან-ფილიპდე ტენდერმა წარადგინა.