ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური დირექტორი ნოელ კარანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართავს. წერილში გამოთქმულია შეშფოთება საკანონმდებლო ინიციატივის გამო, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელის შესაცვლელად მინიმალური დაფინანსების გარანტიის გაუქმებას ეხება, რაც ამჟამად განსაზღვრულია მშპ-ს ფიქსირებული პროცენტით.
ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური დირექტორის წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„როგორც ევროპის მაუწყებელთა საზოგადოებრივი სამსახურის პროფესიული ასოციაციის, ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური დირექტორი, გწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი უდიდესი შეშფოთება საკანონმდებლო ინიციატივის გამო, რომელიც საქართველოს საზოგადოოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელის შესაცვლელად მინიმალური დაფინანსების გარანტიის გაუქმებას ეხება, რაც ამჟამად განსაზღვრულია მშპ-ს ფიქსირებული პროცენტით.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მედიის დაფინანსება მინიმალური გარანტიების გარეშე საზოგადოებრივ მედიას აყენებს უფრო დიდი პოლიტიკური გავლენისა და ჩარევის წინაშე, ეს კი შესაძლოა, უარყოფითად აისახოს მის სანდოობაზე და საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ნდობაზე.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ამჟამინდელი მოდელი ცდილობს, მიუახლოვდეს ევროპის საბჭოს მიერ განსაზღვრულ მინიმალურ ევროპულ სტანდარტებს, კერძოდ მინისტრთა კომიტეტის (1996)10 და 2012(1) რეკომენდაციებს და საპარლამენტო ასამბლეის 1878(2009) და 2111(2017) რეკომენდაციებს. სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს საზოგადოებრივი მედიის მდგრადი დაფინანსება.
ამჟამინდელი დებულებები, კერძოდ, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-5 პარაგრაფი, უზრუნველყოფს დაფინანსების მინიმალურ პროგნოზირებადობას და სტაბილურობას და წარმოადგენს დაცვის გარკვეულ გარანტიას პოლიტიკური ჩარევის წინააღმდეგ, რაც შეესაბამება ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ განსაზღვრულ საუკეთესო პრაქტიკას. საზოგადოებრივ მედიას საზოგადოების ყველა მოქალაქისა და ჯგუფის ინფორმირების, განათლებისა და გართობის ვალდებულება აქვს, ეს კი მოითხოვს ხარჯების გრძელვადიან დაგეგმვას. თუ არ იქნება უზრუნველყოფილი დაფინანსების პროგნოზირებადობისა და სტაბილურობის მინიმალური დონე, საზოგადოებრივი მედია ვერ შეძლებს საზოგადოებრივი ინტერესის კონტენტის პროდუქციასთან დაკავშირებით სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას და ძირითადი კულტურული და სპორტული მოვლენების გასაშუქებლად უფლებების შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოებას.
სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული ყოველწლიურ გადაწყვეტილებებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოკიდებულება საფრთხეს შეუქმნის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებისკენ, ასევე მრავალწლიანი დაფინანსების ჩარჩოს უზრუნველყოფის ძალისხმევასა და დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებების გაუმართლებელი პოლიტიკური ჩარევის მიზნით გამოყენებისგან დაცვის გარანტიებს.
ამგვარი დაცვითი გარანტიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რადგან ბიუჯეტთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები პოლიტიკურია. შესაბამისად, ბევრმა ქვეყანამ, რომელიც საზოგადოებრივ მედიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებს, კანონით ან მრავალმხრივი შეთანხმებებით განსაზღვრა მინიმალური თანხები აბსოლუტური ციფრებით ინფლაციის გათვალისწინებით ან მშპ-სა ან სახელმწიფო ბიუჯეტის პროცენტის სახით. 2015 წელს, ევროპის მაუწყებელთა კავშირის საინფორმაციო სამსახურის მიერ შესრულებული ყოველწლიური ანალიზის მონაცემებით, ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრებს შორის საზოგადოებრივი მედიის დაფინანსება წარმოადგენდა საშუალოდ მშპ-ს 0.19 პროცენტს.
იმის მიუხედავად, რომ თითოეულმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის დაცვის შესაბამისი მექანიზმები თავად უნდა შეარჩიოს თავისი საკონსტიტუციო სისტემებისა და საკანონმდებლო ტრადიციების შესაბამისად, არსებული დაცვითი მექანიზმის გაუქმება ექვივალენტური გარანტიების გარეშე ევროპულ სტანდარტებთან აშკარა წინააღმდეგობაში მოვა.
პრაქტიკა აჩვენებს, რომ ძალიან რთულია ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მედიის დაფინანსებასთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა, ძალიან ხშირად პოლიტიკური დისკუსია საზოგადოებრივ მედიას განუსაზღვრელი ვადით გაურკვეველი დაფინანსებით ტოვებს, რასაც განსაკუთრებული გავლენა აქვს მის პროდუქციაზე და შესაძლოა, შედეგად აუდიტორიისა და საზოგადოებრივი ნდობის დაკარგვაც კი გამოიწვიოს.
ამასთან, ასეთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო შესწორების მიღება ფართო საზოგადოებრივი კონსულტაციების, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩართულობისა და შედეგების სათანადო შეფასების გარეშე, ამ ინიციატივის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას წარმოშობს.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მიმართავს მნიშვნელოვან ძალისხმევას, რათა მოქალაქეების ნამდვილ სამსახურში ჩადგეს და ნელნელა პროგრესს აღწევს ყველა მოქალაქისა და საზოგადოების სხვადასხვა სექტორის ხარისხიანი კონტენტით უზრუნველყოფის, ინფორმირებულობის, განათლებისა და გართობის ვალდებულებების შესრულებაში. ევროპის მაუწყებელთა კავშირი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელს ამ რეფორმების დაჩქარებაში სტრატეგიულ, ლეგალურ და პროფესიულ დახმარებას უწევს. ამ მნიშვნელოვან მომენტსა და რეფორმების მიმდინარეობის შუა პერიდოში დაფინანსების მექანიზმის შეცვლას საზიანო ეფექტი ექნება არა მხოლოდ რეფორმებზე, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მაუწყებლის შესაძლებლობაზე, შეასრულოს თავისი ვალდებულებები, შესაბამისად, ეს სერიოზულად დააზარალებს უკვე მიღწეულ პროგრესს.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მთლიანად მთავრობის ხელში გადასვლის ინიციატივა მხოლოდ გაზრდის მაუწყებლის დამოუკიდებლობის სისუსტეს. ეს გააუქმებს ყველა გარეგნულ ნიშანს ეფექტიანი საზოგადოებრივი მედიისა, რომელსაც შეუძლია, ერთიან და დემოკრატიულ საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა.
მოგიწოდებთ, არ მიიღოთ ეს ინიციატივა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სერიოზულ დესტაბილიზაციას მოახდენს და საფრთხის წინაშე დააყენებს მას და ვთვლით, რომ გაანადგურებს საზოგადოებრივ მაუწყებელს“, – აცხადებს ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური დირექტორი ნოელ კარანი.
ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მოახდინა, რომლის თანახმადაც, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხის ოდენობა მხარჯავი დაწესებულების მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე განისაზღვრება. კანონპროექტის ავტორი რომან გოცირიძეა. ცვლილებებით, მაუწყებლისთვის დაფინანსების ოდენობის მინიმალური პროცენტული ზღვარი უქმდება.