ევროპის მაუწყებელთა კავშირი მიესალმება საქართველოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლებიც შეეხება სარეკლამო შეზღუდვების მოხსნას, შესყიდვების გამარტივებას, ასევე გენერალური დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებების გამიჯვნას.
როგორც ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური დირექტორის ინგრიდ დელტერნეს წერილშია აღნიშნული, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბევრი რამ გააკეთა მოქალაქეთა მომსახურებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციას ტრანსფორმაციის თვალსაზრისით, რაც სრულად მხარდაჭერილია ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ, მან აჩვენა თვალსაჩინო პროგრესი და წარმოდგენილი სამართლებრივი ცვლილებები გააძლიერებს ამ პოზიტიურ ტენდენციას.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კომენტარები, რომელიც დაფუძნებულია სამართლებრივ გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკაზე, კანონთან დაკავშირებული განხილვებისთვის სასარგებლო იქნება.
ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველვყოთ დამატებითი ექსპერტიზა და დახმარება“,- აღნიშნულია ინგრიდ დელტენრეს წერილში.
ევროპის მაუწყებელთა კავშირის ანალიზს უცვლელად გთავაზობთ:
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ანალიზი
– საჯარო/სახელმწიფო შესყიდვები (მუხლი 20)
იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო შესყიდვების წესები ვრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლობაზე, აუცილებელია ზოგადი წესებიდან გამონაკლისები კონტენტთან-დაკავშირებულ კონტრაქტებზე (content-related contracts), რადგანაც დაცული იყოს სარედაქციო დამოუკიდებლობა და უზრუნველყოფილი იყოს მოქნილობის საკმარისი დონე, მათ შორის, კულტურული,, სახელოვნებო და ჟურნალისტური ასპექტების გათვალისწინებით. გადაცემის საშუალებებს (მაგ. სატელიტით ან ეთერით) მნიშვნელობა არ აქვს.
შესაბამისად, ევროპაში მიღებულია პრაქტიკა და დაწესებულია გამონაკლისები საჯარო შესყიდვების ზოგადი წესებიდან მაუწყებლობის პროგრამების (რადიო და ტელევიზია) შეძენის და შესაბამისი აუდიოვიზუალური მომსახურების გავრცელებისა და მიღების კონტრაქტებზე.
ეს გამონაკლისი ასევე ასახულია ევროკავშირის 2014 წლის „საჯარო შესყიდვების დირექტივაში“, რომელთანაც შესაბამისობაშია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნული შესყიდვების პროცედურები. დირექტივა სპეციალურად გამორიცხავს ევროკავშირის შესყიდვების წესებიდან ზემოაღნიშნულ კონტრაქტებს, ასევე „სამაუწყებლობის დროის კონტრაქტებს“. ამის საპირისპიროდ, დირექტივის პროცედურები გამოყენებული უნდა იქნეს იმ კონტრაქტების დადების დროს, რომელიც ეხება პროგრამების წარმოებისათვის აუცილებელ ტექნიკური მოწყობილობების შესაძენად.
ცვლილების მე-20 მუხლის მიზანია, ჩამოყალიბდეს გამონაკლისი სწორედ კონტენტთან-დაკავშირებულ კონტრაქტებზე ასევე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელისათვის და ევროპის სამაუწყებლო კავშირი სრულად უჭერს მხარს ამ მიზანს. თუმცა, ჩვენ არ ვართ დარწმუნებული რამდენად იქნება ეს მიღწეული მე-20 მუხლისათვის ახალი პარაგრაფის დამატებით, დანარჩენი ტექსტის ხელახლა ჩამოყალიბების გარეშე. აღნიშნული დირექტივის მე-10 მუხლი შესაძლოა გამოდგეს ამ ნორმის უფრო სრულყოფილი ფორმულირების მოდელად.
– მართვა/ხელმძღვანელობა (მუხლი 30)
იმისათვის, რათა შესრულებულ იქნას მისი არსებითი დემოკრატიული როლი როგორც გამოხატვის თავისუფლების და ინფორმაციის მიღების უფლების გარანტორისა, მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო და საქმიანობის დამოუკიდებლობა.
წარმოდგენილმა ცვლილებებმა უნდა უზრუნველყოს ფუნქციათა მკაფიო გამიჯვნა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა (გენერალური დირექტორი) და მის ზედამხედველ სამეთვალყურეო საბჭოს შორის. ევროპის სამაუწყებლო კავშირი მხარს უჭერს მკაფიო განსხვავებას აღმასრულებელ (მენეჯმენტი) და საზედამხედველო ორგანოებს შორის, ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად, რომელიც გათვალისწინებულია 2012 წლის რეკომენდაციაში „საზოგადოებრივი მედია მმართველობის შესახებ“ და ასევე 1996 წლის რეკომენდაციაში „საზოგადოებრივი მაუწყებლობის დამოუკიდებლობის შესახებ“.
ცხადია, 30-ე მუხლის ცვლილების მიზანი არის იმის უზრუნველყოფა, რომ სამეთვალყურეო საბჭომ არ გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება შეიტანოს ცვლილებები დებულებასა ან ბიუჯეტში ისე, რომ ამან გამოიწვიოს ჩარევა მენეჯმენტის ყოველდღიურ საქმიანობაში. 30-ე მუხლის თანამედროვე განმარტება ნამდვილად წინააღმდეგობრივია, რამდენადაც ის მოითხოვს, რომ დებულება და ბიუჯეტი უნდ იქნეს მიღებული სამეთვალყურეო საბჭოს მიერ „გენერალური დირექტორის წარდგინებით“, მაგრამ ასევე უშვებს შემდგომ ცვლილებებს დებულებასა ან ბიუჯეტში სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გენერალური დირექტორის ყოველგვარი ასეთი წარდგინების გარეშე. ეს აშკარად წარმოშობს რისკს, რომ სამეურვეო საბჭომ გამოიყენოს ცვლილებები და იმოქმედოს გენერალურ დირექტორის მმართველობის საწინააღმდეგოდ და თავად განახორციელოს მიკრო-მენეჯმენტი.
– სარეკლამო შეზღუდვები (მუხლი 64)
ევროპის საზოგადოებრივი სამაუწყებლო კავშირი მიესალმება წარმოდგენილ ცვლილებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის დაწესებული სარეკლამო შეზღუდვების ზომიერ ლიბერალიზაციას, რაც გაზრდის მის მოქნილობას რეკლამების ჩართვისა და ისეთი ახალი სარეკლამო ტექნიკის გამოყენებისათვის, როგორიცაა სპონსორობა.
საზოგადოებრივი მაუწყებლები ევროპის მასშტაბით ფინანსდებიან შერეული შემოსავლის წყაროებიდან, მათ შორის, კომერციული შემოსავლებით. კომერციული შემოსავალი არის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი მთლიან დაფინანსებაში და რეკლამა შეადგენს კომერციული შემოსავალის ყველაზე დიდ წილს, დაახლოებით 60%-მდე.
წარმოდგენილი ცვლილება შეესაბამება „აუდიოვიზუალური მედია სერვისების დირექტივას“, რომელიც სხვა საკითხებთან ერთან ერთად, არეგულირებს რეკლამის რაოდენობას და აწესებს პროგრამების სპონსორობისათვის მოთხოვნებს ევროკავშირის დონეზე. ბევრ ქვეყანაში, ოდნავ მკაცრი წესები მოქმედებს კომერციულ მაუწყებლებთან მიმართებაში. ამ თვალსაზრისით, შემოთავაზებული ცვლილებები არის უფრო შემზღუდველი ვიდრე აღნიშნული დირექტივა და ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრთა ქვეყნებში არსებული კანონებითაა გათვალისწინებული “,- აღნიშნულია ევროპის მაუწყებელთა კავშირის ანალიზში.
“მაუწყებლობის შესახებ” კანონში მომზადებულ ცვლილებებზე სამუშაო შეხვედრა იურიდიულ საკითხა კომიტეტში გაიმართა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, ცვლილებების ინიცირების პროცედურა მომავალი კვირაში დაიწყება.