ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) იურიდიული და პოლიტიკის დეპარტამენტი აქვეყნებს სტატიას, რატომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლებს გასართობი და სპორტული გადაცემები ჰქონდეთ.
სტატიაში აღნიშნულია, რომ გასართობი გადაცემები ევროპის მაუწყებელთა კავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს საზოგადოებრივი მედიის კომპეტენციაშია.
„არ არსებობს მკაფიო განსხვავება გასართობი შინაარსის ჟანრებს შორის. გასართობი გადაცემები კულტურულ ღირებულებს ასახავს და დიდ როლს თამაშობს ერის კულტურული იდენტობის ფორმირებისთვის. ფაქტობრივად, შეუძლებელია, გამყოფი ხაზის პოვნა გასართობ, კომედიურ, კულტურულ და სხვა ჟანრებს შორის. გართობის სხვადასხვა ფორმები შესაძლოა, მივიჩნიოთ კულტურულად ან დაკავშირებული იყოს ეროვნულ იდენტობასთან.
გართობა შესაძლოა, მოიცავდეს კომედიას, სატირას, პაროდიასა და მსგავს პროგრამებს, რომლებიც შესაძლოა, ეხებოდეს პოლიტიკას, ეკონომიკას ან საზოგადოებრივ ცხოვრებას, რამაც შესაძლოა, ხელი შეუწყოს სხვადასხვა ფენომენებისა და უმცირესობათა ჯგუფების ცნობიერების ამაღლებას. მეცნიერებასა და დოკუმენტალისტიკას ასევე აქვთ გასართობი ფორმატი. ეს არის გამოხატვის თავისუფლების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლითაც საზოგადოებრივმა მედიამ უნდა ისარგებლოს და განავითაროს“, – აღნიშნულია სტატიაში.
სტატიის თანახმად, გასართობი გადაცემები აერთიანებს ყველა ასაკის, კულტურის ადამიანებს და იძლევა საერთო გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას, რაც საკმაოდ იშვიათია დღევანდელ დანაწევრებულ საზოგადოებაში და სწორედ ამ მიზეზით, ძალიან მნიშვნელოვანია.
„საზოგადოებრივი მედიისთვის, რომელსაც აქვს დაფინანსების ორი წყარო, გასართობ გადაცემებს შეუძლიათ მოიზიდონ რეკლამა, რომელიც ხარისხიანი კონტენტის შექმნაში დაეხმარება, როგორიცაა მაგალითად კულტურული და პოლიტიკური გადაცემები.
საზოგადოებრივი ტელევიზიის მიერ შეთავაზებული პროგრამები უნდა პასუხობდეს აუდიტორიის მრავალფეროვან საჭიროებებს, უნდა ფარავდეს სხვადსხვა ჟანრს, მოიცავდეს სხვადასხვა ფორმატსა და პროგრამებს. საზოგადოებრივი ტელევიზიის პროგრამები უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების ყველა ფენას. საზოგადოებრივმა მედიამ უნდა მოხიბლოს ყველა ტიპის აუდიტორია და შეინარჩუნოს მისი როლი საზოგადოებაში, შესთავაზოს საზოგადოებას სახალისო ან გასართობი, ასევე კულტურული გადაცემები ყველა პლატფორმაზე და ყველა ფორმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებრივი მედია ხდება მარგნალიზებული ნიშა.
არხები, რომლებიც არ სთავაზობენ მაყურებელს გასართობ გადაცემებს, ვერ ხვდებიან ახალგაზრდების ინტერესებში, ამით კი საზოგადოებრივ მედიას საკუთარ როლს კარგავს.
საერთაშორისო სტანდარტები და ევროკავშირის სამართლებრივი მექანიზმები პირდაპირ ამბობს, რომ საზოგადოებრივმა მედიამ უნდა უზრუნველყოს პროგრამების ფართო სპექტრი, რათა უპასუხოს სხვადასხვა აუდიტორიებს.
ევროკავშირის სასამართლოებმაც განაცხადეს, რომ საზოგადოებრივ მედიას უნდა ჰქონდეს პროგრამების სრული სპექტრი და ეს არ უნდა დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ იმ ფაქტმა, რომ საზოგადოებრივი მედია ასევე ჩართულია კომერციულ აქტივობაში, კონკრეტულად კი სარეკლამო სივრცის გაყიდვაში. ამავე მიზეზით, არასწორია მტკიცება, რომ საზოგადოებრივი მედია უნდა იყოს შეზღუდული არაკომერციული პროგრამების ჩვენებისგან იმ შემთხვევაში, თუ ის ორი წყაროდან ფინანსდება“, – აღნიშნულია ევროპის მაუწყებელთა კავშირის სტატიაში.
ამავე სტატიაში საუბარია სპორტული გადაცემების აუცილებლობაზეც.
„ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, ჰქონდეს წვდომა სპორტულ გადაცემებზე, კერძოდ, ეროვნული მნიშვნელობის მოვლენებზე და საუკეთესო გზა ყველაზე ფართო აუდიტორიაზე გასასვლელად საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერია.
პრემიუმსპორტი, რომელიც მოიცავს ეროვნულ გუნდებსა და ცალკეულ პირებს, აერთიანებს ხალხს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ეროვნულ-სოციალურ ინტეგრაციას. ადგილობრივი მაყურებლები ასევე დაინტერესებული არიან იხილონ სხვა ერების გუნდების თამაშები.
სპორტული შინაარსის გადაცემები უბიძგებს მოქალაქეებს, მიყვნენ ჯანსაღ ცხოვრებას სხვადასხვა სპორტული აქტივობებით. ეს შესაძლოა კიდევ უფრო წახალისდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მისი ვებგვერდითა და დამხმარე საშუალებებით.
საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუძლია, მოიცვას და დაეხმაროს უმცირესობათა სპორტულ სახეობებს განვითარებაში, რომლებიც კომერციული არხებისთვის ნაკლებად მიმზიდველია.
ახალგაზრდა აუდიტორიის სპორტული გადაცემებით მიზიდვა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის შესაძლებელს ხდის დაამყაროს კავშირი ახალგაზრდა აუდიტორიასთან და მაყურებელთა მომავალ თაობასთან.
საერთაშორისო სტანდარტები და ევროკავშირის სამართლებრივი ინსტრუმენტები პირდაპირ ითვალისწინებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბადემ უნდა უზრუნველყოს პროგრამების ფართო სპექტრი, რათა მოიცვას საზოგადოება მთლიანად და გავიდეს ფართო აუდიტორიაზე.
ევროკომისიამ ევროკავშირის სახელმწიფო დახმარების მონიტორინგის როლში დაადგინა, რომ სამაუწყებლო დროის 10% სპორტულ გადაცემას უნდა დაეთმოს“, – აღნიშნულია ევროპის მაუწყებელთა კავშირის სტატიაში.