ევროპაში წითელათი დაავადებულთა რაოდენობამ 2018 წელს ათწლეულის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
ევროპაში წითელათი დაავადებულთა რაოდენობამ 2018 წელს ათწლეულის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

ევროპის მასშტაბით წითელათი დაავადებულთა რაოდენობამ 2018 წელს ათწლეულის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება.

საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს მწვავე ვირუსული დაავადებით საერთო ჯამში 82 596 ადამიანი დაავადდა. მათგან 61 პროცენტის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. წითელათი დაღუპულების რაოდენობამ კი 72-ს მიაღწია. მათ შორის არიან ბავშვებიც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მწვავე ვირუსული დაავადების შემთხვევები ევროპის 47 ქვეყანაში დაფიქსირდა, თუმცა აღნიშნულ რეგიონში წითელათი დაავადებულების 92 პროცენტი მხოლოდ 10 ქვეყანაზე მოდის. მათ შორის არის უკრაინა (52 218), სერბეთი (5 076), ისრაელი (2 919), საფრანგეთი (2913), იტალია (2 517), რუსეთი (2 556), საქართველო (2 203), საბერძნეთი (2 193), ალბანეთი (1 466), რუმინეთი (1 987).

საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, 2018 წლის მონაცემები 2017 წელს წითელათი დაავადებულთა რაოდენობას სამჯერ აღემატება, 2016 წლის მონაცემებს კი 16-ჯერ.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, წითელას მეორე აფეთქებას უახლოეს მომავალში ნიუ იორკისა და ვაშინგტონის შტატებში ელიან.