ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ მიაღწიეს დროებით შეთანხმებას უკრაინასთან ვაჭრობის ლიბერალური ზომების გაფართოებაზე, რაც ასევე მოიცავს გარანტიებს ევროკავშირის ფერმერებისთვის
ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ მიაღწიეს დროებით შეთანხმებას უკრაინასთან ვაჭრობის ლიბერალური ზომების გაფართოებაზე, რაც ასევე მოიცავს გარანტიებს ევროკავშირის ფერმერებისთვის

ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ მიაღწიეს დროებით შეთანხმებას უკრაინასთან ვაჭრობის ლიბერალური ზომების გაფართოების შესახებ, რაც ასევე მოიცავს ევროკავშირის ფერმერებისთვის გარანტიებს. ინფორმაციას ევროპარლამენტი ავრცელებს.

როგორც ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეთანხმებით, იმპორტის გადასახადისა და კვოტების დროებითი შეჩერება ევროკავშირში უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე კიდევ ერთი წლით, 2025 წლის 5 ივნისამდე გახანგრძლივდება, რათა რუსეთის მიერ განგრძობითი აგრესიული ომის ფონზე მხარი დაუჭირონ უკრაინას.

მათივე ცნობით, კომისიას შეუძლია, მიიღოს სწრაფი ზომები და დააწესოს ნებისმიერი ზომა, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის, თუკი უკრაინული პროდუქციის იმპორტის გამო ევროკავშირის ერთ ან რამდენიმე ქვეყნის ბაზარს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება.

რეგულაცია ითვალისწინებდა „საგანგებო შეჩერებას“ სოფლის მეურნეობის რიგი პროდუქტებისთვის, კერძოდ, კვერცხის, შაქრისა და ფრინველისთვის. ევროპარლამენტარებმა აღნიშნული სია გააფართოვეს და დაამატეს შვრია, სიმინდი, ბურღული და თაფლი. მათ ასევე დაევალათ კომისიისგან, რომ მიიღონ ზომები, თუ მოხდება უკრაინული ხორბლის იმპორტის ზრდა.

„საგანგებო შეჩერების“ ამოქმედების პერიოდი განსაზღვრული იქნება 2022 და 2023 წლების მონაცემებით, რაც ნიშნავს, რომ თუ ამ პროდუქტების იმპორტი ორი წლის საშუალო მოცულობას გადააჭარბებს, ტარიფები ხელახლა დაწესდება.

„დღევანდელი შეთანხმება აძლიერებს ევროკავშირის მუდმივ ვალდებულებას, დადგეს უკრაინის გვერდით რუსეთის სასტიკი აგრესიული ომის წინაშე, უკრაინის გამარჯვებამდე. პარლამენტმა მოისმინა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფერმერების შეშფოთება და გააძლიერა დამცავი ზომები, რომლებიც შეამსუბუქებს ზეწოლას ევროკავშირის ფერმერებზე, თუ ისინი გადაიტვირთებიან უკრაინული იმპორტის უეცარი ზრდის გამო“, – განაცხადა მომხსენებელმა, სანდრა კალნიეტმა.

ევროპარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახლა ევროპარლამენტმა და საბჭომ დროებით შეთანხმებას საბოლოო „მწვანე შუქი“ უნდა აუნთონ. ამჟამინდელი შეჩერების ვადა 2024 წლის 5 ივნისს იწურება. ახალი რეგულაციები აღნიშნული ვადის გასვლისთანავე უნდა შევიდეს ძალაში.