ევროპარლამენტარი მიქაელ გალერი - არა მხოლოდ სტრასბურგში უნდა ჩაიტანოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული დარღვევები, არამედ გახსნათ სამართლებრივი საქმეები
ევროპარლამენტარი მიქაელ გალერი - არა მხოლოდ სტრასბურგში უნდა ჩაიტანოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული დარღვევები, არამედ გახსნათ სამართლებრივი საქმეები

ევროპარლამენტარი მიქაელ გალერი აცხადებს, რომ საქართველომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარი ყოველი უსამართლო ფაქტის შესახებ სამართლებრივი საქმეები უნდა გახსნას. ამის შესახებ მან ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანთან შეხვედრის შემდეგ, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე საქართველოს მიერ სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვის შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

გალერის თქმით, მსგავსი პრაქტიკა არსებობდა გერმანიაში, როდესაც ქვეყანა გაყოფილი იყო.

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარების გამო, იმის გამო, რომ ხდება უსამართლობა რიგითი მოქალაქეებისა თუ ოფიციალური პირების მხრიდან, საჭიროა, საქართველომ იფიქროს მექანიზმზე, რომლითაც ამ ფაქტების სისტემატურ რეგისტრაციას მოახდენს. არა მხოლოდ უნდა ისაუბროთ ან სტრასბურგში ჩაიტანოთ ეს დარღვევები, არამედ ფაქტობრივად, გახსნათ სამართლებრივი საქმეები, რომელიც საშუალებას მოგცემთ, დააკავოთ და გაასამართლოთ დამნაშავე პირები, თუ ისინი მოხვდებიან თქვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

მსგავსი პრაქტიკა მუშაობდა გერმანიაშიც, როდესაც დაყოფილები ვიყავით. დასავლეთ გერმანია არეგისტრირებდა მსგავს შემთხვევებს აღმოსავლეთ გერმანიასთან მიმართებით. უკვე მოგვიანებით, როდესაც ეს შესაძლებელი გახდა, დოკუმენტები გაიხსნა და ადამიანები გაასამართლეს კიდეც.

თქვენ სისტემატური შეხება გაქვთ ამ ფაქტებთან და თუ რეგისტრაციას მოახდენთ, ჩვენც უფრო მეტად შევძლებთ თქვენს დახმარებას, რადგან მეტი გვეცოდინება და შევძლებთ სულ მცირე, ამ პირების შავ სიაში შეყვანას“, – აღნიშნა მიქაელ გალერმა.