ევროკავშირის ტერიტორიაზე ციფრული კოვიდსერტიფიკატების მოქმედების ვადად ცხრა თვე განისაზღვრა
ევროკომისიის მიერ დამტკიცდა ახალი წესები, რომლის მიხედვით, ციფრული კოვიდსერტიფიკატის მოქმედების ვადად 9 თვე (270 დღე) განისაზღვრა. გადაწყვეტილება ითვალისწინებს დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის რეკომენდაციებს, რომლის მიხედვით, გამაძლიერებელი დოზები რეკომენდებულია პირველი ვაქცინაციის ციკლის დასრულებიდან არაუგვიანეს ექვსი თვის შემდეგ.
ამასთან, სერტიფიკატი ძალაში იქნება ექვსი თვის შემდეგ კიდევ სამი თვის განმავლობაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ვაქცინაციის ეროვნული კამპანიების კორექტირება და მოქალაქეებს გამაძლიერებელ დოზებზე ჰქონდეთ წვდომა.
ევროკომისიის გადაწყვეტილების მიხედვით, ევროპული სერტიფიკატი კორონავირუსის პანდემიის პირობებში ევროკავშირში მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების გარანტიის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
ამასთან, აღნიშნავენ, რომ ამ წესების მიღება სამეცნიერო მონაცემებისა და ობიექტური კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე მოხდა. ახალი წესები ევროკავშირის 27 ქვეყანაში 2022 წლის პირველი თებერვლიდან ამოქმედდება. ეროვნულ დონეზე სერტიფიკატების გამოყენების სხვადასხვა წესის შემოღებისას, წევრი სახელმწიფოები ვალდებული არიან, საკუთარი წესები ევროკომისიის ამ წესს შეუსაბამონ. ევროკომისიის მიერ მიღებული წესები ვრცელდება მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობისთვის.